12 ნოემბერი 2019,   17:49
ვრცლად
თურქეთისა და სირიის კონფლიქტმა გავლენა შესაძლოა საქართველოზეც მოახდინოს - ექსპერტები

თურქეთ-სირიის საზღვარი მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილია. ქურთებსა და თურქებს შორის ინტენსიური შეტაკებები გრძელდება. იზრდება დაღუპულთა რაოდენობა როგორც მშვიდობიან მოქალაქეებს, ისე სამხედროებს შორის.

ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ქურთებმა დახმარებისთვის ასადის რეჟიმს მიმართეს. თურქეთის ოპერაციას აკრიტიკებს რუსეთი. შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია ნატო, რომელიც ანკარას ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ამ ფონზე შეფასებები კეთდება თბილისში. ქართველი ექსპერტები შიშობენ, რომ ჩრდილოეთ სირიიდან ამერიკელი სამხედროების გასვლის შემდეგ რეგიონზე რუსული გავლენა იზრდება და პროცესებმა, შესაძლოა, საქართველოზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. ანალიტიკოსები ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ და ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა საქართველოს ძალოვანი და საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს მოუწოდა თურქეთ-სირიას შორის შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაუყოვნებლივ დაიწყონ.

საერთაშორისო უსაფრთხოების ანალიტიკოსი თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ აუცილებელია მიმდინარე პროცესების დეტალური ანალიზი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პროცესებში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი ასადის ძალები ჩაერთვნენ. აქუბარდიას აზრით, თურქეთ-სირიის საზღვარზე მიმდინარე კონფლიქტს რუსეთი სათავისოდ რამდენიმე მიმართულებით გამოიყენებს. ერთი მხრივ, რეგიონზე ზეგავლენას გაზრდის, მეორე მხრივ, შეეცდება ანკარა მაქსიმალურად დაუპირისპიროს ნატოს წევრ სხვა ქვეყნებს.

ტერორიზმის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი გიორგი გოგუაძე იზიარებს აქუბარდიას პოზიციას და ამბობს, რომ კრემლის ერთ-ერთი მიზანია, ნატოს წევრ თურქეთსა და ალიანსის სხვა ქვეყნებს შორის განხეთქილება მოხდეს. მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაპირისპირება ზეგავლენას საქართველოზეც მოახდენს.

პოლიტოლოგი და შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე დასავლეთსა და ანკარას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას არ გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთს სანქციებს დაუწესებს, ეს გადაწყვეტილება საქართველოზე პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს.

ანკარამ სირიის ჩრდილოეთით ოპერაცია "მშვიდობის წყარო" 9 ოქტომბერს დაიწყო. დასავლეთის მოწოდების მიუხედავად, ერდოღანი უკან დახევას არ აპირებს. უფრო მეტიც, თურქეთის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს წესდების მე-5 პუნქტი შეახსენა და ალიანსის ქვეყნებს მოუწოდა გადაწყვიტონ, არიან თუ არა ისინი თურქეთის მოკავშირეები.

ამავე თემაზე
დღის ამბები