12 ნოემბერი 2019,   17:23
ვრცლად
დაჭრა ყიფშიძის ქუჩაზე და ახალი გარემოებები - შესაძლოა, დაზარალებულისა და ბრალდებულის სტატუსი შეიცვალოს 

დაჭრა ყიფშიძის ქუჩაზე - დაჭრილი ლევან ძნელაძის მეუღლე მარიკა წერეთელი და საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გამოკითხვის ოქმებში მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დეტალებს აღწერენ.

გამოკითხვის ოქმში პატრულ-ინსპექტორი გამომძიებლებს უყვება, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე შეტყობინებიდან მალევე მივიდა. ზაურ წერეთლის ჩვენების მიხედვით, სამართალდამცველების კანონიერ მოწოდებას, რომ მხარეებს ჩხუბი შეეწყვიტათ, დაპირისპირებულები არ დაემორჩილნენ. ამის შემდეგ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს. პოლიციელი ყვება, რომ სიტუაციის განსამუხტავად მათ დამატებითი ეკიპაჟის გამოძახებაც დასჭირდათ. 

კონფლიქტის დაწყების დეტალებზე საკუთარ ჩვენებაში საუბრობს ლევან ძნელაძის მეუღლე. მარიკა წერეთლის თქმით, სამშენებლო ბიზნესთან დაკავშირებით მისი და მისი მეუღლის საქმიანი შეხვედრა პარტნიორებთან ერთ-ერთ კაფეში დაიგეგმა. რა დროსაც, წერეთლის თქმით, მათთან შესახვედრად საქმიან კავშირში მყოფი კიდევ სამი პირი მივიდა, მათ შორის მისთვის უცნობი დავით ჯაში, თუმცა წყარო "კურიერს" უყვება, რომ მარიკა წერეთელს და მის ქმარს ბრალდებულ ჯაშთან საქმიანი კავშირი თვეებია აქვთ, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება, სავარაუდოდ, საქმეში უკვე დევს.

მოწმეების ჩვენებების უზუსტობაზე საუბრობენ დაკავებულების უფლებადამცველები. დავით ჯაშის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოკითხვის ოქმები რეალობას არ ასახავს და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ლევან ძნელაძისგან მხოლოდ საკუთარ თავს და ჩხუბში ჩართულ პირებს იცავდა, რადგან დაზარალებულ ძნელაძეს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა. 

გამოძიების არასწორ მიმართულებაზე საუბრობს შემთხვევის დროს ფეხის არეში დაჭრილი გივი ცინცაძის ინტერესების დამცველი. მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მკვლელობის განზრახვა, სავარაუდოდ, სწორედ დაზარალებულ ლევან ძნელაძეს ჰქონდა, რადგან ადვოკატის მტკიცებით, ის შეხვედრაზე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა. 

გამოძიება ამ დრომდე მე-19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, არ არის გამორიცხული დაზარალებულის და ბრალდებულის სტატუსები შეიცვალოს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები