12 ნოემბერი 2019,   17:38
ვრცლად
რუსთავში მომხდარი მკვლელობა ბიზნესინტერესებს უკავშირდება - საქმის ახალი დეტალები

რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გახდა ცნობილი. 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი გეთაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი ამტკიცებენ, რომ მკვლელობა არა ქურდული სამყაროს მხრიდან საქმის გარჩევას, არამედ კონკრეტულ ბიზნესინტერესებს უკავშირდება. ოჯახის წევრების განცხადებით, გარკვეული პერიოდის შემდეგ დაასახელებენ იმ ბიზნესმენის გვარსაც, რომელმაც დავით მუმლაძის მკვლელობა დაუკვეთა.

გიორგი გეთაშვილის მეუღლე გატაცების დღეს დეტალურად იხსენებს. ის ამბობს, რომ პოლიციელებმა დავით მუმლაძე მისი მეუღლის მანქანიდან ზეწოლით და შანტაჟით გაიტაცეს, თავად გეთაშვილი კი კვალის არევის მიზნით ცოცხალი დატოვეს, რათა მკვლელობა მისთვის გადაებრალებინათ.

გეთაშვილის ოჯახი დღეს მკვლელობასა და დანაშაულებრივ სქემაში გარეულ მაღალჩინოსანზეც საუბრობს. როგორც გეთაშვილის მამა და მეუღლე ამბობენ, დავით მუმლაძის მკვლელობა გარკვეულ ბიზნესინტერესებს უკავშირდება. გეთაშვილების ოჯახში აცხადებენ, რომ ამ ბიზნესმენს ერთ-ერთი ძალოვანი უწყების გავლენიანი პირი მფარველობს.

გეთაშვილის ადვოკატის თქმით, მუმლაძის მკვლელობა გავლენიანი პირების ინტერესებს უკავშირდება. როგორც ალექსანდრე კობაიძე ამტკიცებს, ბიზნესმენს დავით მუმლაძისგან სოლიდური თანხა ჰქონდა ვალად აღებული და მკვლელობაც ამიტომ დაუკვეთა.

საქმეზე 2 მოქმედი და 1 ყოფილი პოლიციელი ადამიანის გატაცებაში, გიორგი ასათიანი და ზურაბ ჯღარკავა კი განზრახ მკვლელობაში არიან ბრალდებულები. აქედან, ჯღარკავა ამ დრომდე იძებნება.

პოლიციელების ჩვენებებით დგინდება, რომ მათ დავით მუმლაძე ასათიანსა და ჯღარკავას დასაშინებლად გადასცეს, მკვლელობის შესახებ კი მას შემდეგ გაიგეს, რაც წყალმა მუმლაძის ცხედარი გამორიყა. რაც შეეხება ბრალდებებს პოლიციელების მხრიდან შანტაჟსა და ზეწოლაზე, რომელზეც გეთაშვილის ოჯახი აქტიურად საუბრობს, არც ერთი პოლიციელის ჩვენება ამას არ ადასტურებს.

ბრალდებებს უარყოფს ერთ-ერთი დაკავებული პოლიციელის ადვოკატიც. იმედა ბეროშვილის თქმით, შანტაჟსა და ზეწოლას სამართალდამცველების მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

დავით მუმლაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ჯღარკავა ამ დრომდე იძებნება. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არც მისი ოჯახის ახლობლებს აქვთ.

ვინ და რატომ შეუკვეთა 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობა, ამ დრომდე უცნობია. ამ დროისთვის, მკვლელობის საქმეზე 5 პირია დაკავებული. გამოძიება ადამიანის გატაცების, ხელშეწყობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები