12 ნოემბერი 2019,   17:58
ვრცლად
პოლიტიკური ამნისტია - ოპოზიცია პოლიტიკურ დევნასა და ანგარიშსწორების საკითხზე ვერ თანხმდება

თუ მმართველი პარტია წინასწარ უკვე აკეთებს პროგნოზებს, რამდენი პროცენტით და როგორი უმრავლესობით შევა 2020 წელს მომავალ პარლამენტში, თავის მხრივ, ოპოზიცია უკვე წინასწარ გეგმავს, ვის რა უნდა ეპატიოს, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში მოვლენ.

"იმ პარტიას რა ვუთხარი თქვენი მისატევებელი რომ გახდება..." - კოლეგის მიმართ ასეთი ეპითეტები დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ არ დაიშურა. პოლიტიკურ მონანიებასა და მიტევებაზე საუბარი იმ ძალის მხრიდან, რომელსაც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია წარმოადგენს, დეპუტატისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ოპონენტს დემაგოგი უწოდა და ინიციატივაც დაუწუნა. გიგა ბოკერიამ კი, თავის მხრივ, ქანთარიას შეახსენა, რომ მალე მმართველ პარტიაში აღარ იქნება.

პოლიტიკურ ამნისტიასთან დაკავშირებით, დარბაზში დაწყებული დისკუსია დარბაზის გარეთაც გაგრძელდა. გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პოლიტიკურ რევანშზე ფიქრი ქყვეყანას არაფერს მოუტანს, ახალი ხელისუფლება კი ძველს არ უნდა დაემსგავსოს და დასაჭერი ადამიანების სია არ უნდა შეადგინოს. გიგა ბოკერია გარკვეული სახის დანაშაულებებზე პოლიტიკური ამნისტიის გამოცხადებას ემხრობა, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ეს პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს.

ყოფილი თანაგუნდელები ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულან და უკვე ვერ თანხმდებიან, ვის და რატომ დასჯიან.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სახელისუფლებო დანაშაულებები უცხოელმა მოსამართლეებმა უნდა გამოავლინონ.

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ამ თემაზე საუბრის დაწყება გაუგებარია დამოუკიდებელი დეპუტატებისთვისაც. მათი აზრით, წინასწარ გაცემული ინდულგენცია სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ გიგა ბოკერია ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გიგა ბოკერიას შეახსენა, რომ დროს ჩამორჩა.

პოლიტიკურ დევნასა და ანგარიშსწორების თემაზე დისკუსია მეორე დღეა გრძელდება. პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ დანაშაულისთვის ყველამ პასუხი უნდა აგოს, თუმცა არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ - ვინ? რატომ? და რისთვის უნდა დასაჯოს? - ამ თემაზე პოლიტიკოსები ჯერ ვერ შეთანხმდნენ.

 

დღის ამბები