12 ნოემბერი 2019,   17:04
ვრცლად
უბედური შემთხვევა ხაშურში - მშობიარე ქალისა და ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო

ხაშურში "ევექსის" კლინიკაში მშობიარე ქალი და ჩვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და მედიკოსების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ ოჯახი საკეისრო კვეთას ითხოვდა, თუმცა, მედიკოსებმა ფიზიოლოგიური მშობიარობა გადაწყვიტეს, რის გამოც დედაც და ჩვილიც გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, 40 წლის მშობიარე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სურამიდან ხაშურის საავადმყოფოში გუშინ საღამოს გადაიყვანა.

მედიკოსების მხრიდან შეცდომებს არ გამორიცხავს არც კლინიკის დირექტორი. კახა ხელაძე ამბობს, რომ მედპერსონალმა მდგომარეობის სიმძიმე ვერ შეაფასა და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჰოსპიტალის ადმინისტრაციამ, მოკვლევის დასრულებამდე, მორიგე ექიმს უფლებამოლსილება შეუჩერა.

ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ. საქმის შესასწავლად ხაშურის საავადმყოფოში სპეციალური კომისია ჩავა.

დაეკისრებათ თუ არა პასუხისმგებლობა ექიმებს და შეუჩერდებათ თუ არა სამედიცინო საქმიანობის უფლება, ამას მოკვლევის შემდეგ, პროფესიული პასუხისმგებლობის საბჭო გადაწყვეტს.

დღის ამბები