12 ნოემბერი 2019,   17:01
ვრცლად
ვისთან შეიძლება და ვისთან არა კოალიციის შექმნა - ქართულ პოლიტიკურ სპექტრში პოტენციური მოკავშირეების ძებნა დაიწყო

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, პოლიტიკურ სპექტრში უკვე აქტიური გარჩევა მიდის იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან შეიძლება და ვისთან არა კოალიციის შექმნა. არსებობენ პარტიები, რომლებსაც უკვე წინასწარ აქვთ გაცხადებული, რომ ისინი ალიანსში "ნაციონალურ მოძრაობასთან" არიან, შესაბამისად ეს პარტიები სააკაშვილის პარტიის და საარჩევნო ნომრის ქვეშ იქნებიან. სხვა საკითხია როგორ გადაინაწილებენ სიას.

"ნაციონალებისგან" განსხვავებული ტაქტიკა აქვს "ქართულ ოცნებას" - პოტენციურ მოკავშირეებზე მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება.

ცხადია, რომ არსებულ პოლიტიკურ სპექტრს 2020-ში გადაჯგუფება მოუწევს.

უკვე კეთდება პროგნოზებით, რომელი პოლიტიკური ძალა რამდენი პროცენტის აღებას შეძლებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ერთ-ერთი ასეთი პროგნოზის ავტორი "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძეა, რომელმაც საკუთარ პარტიას ჯერ 45% უწინასწარმეტყველა, დღეს კი 60%-ით შეცვალა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ჯერ კიდევ გუშინ 2020 წლისთვის ხელახალი არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავდა, მიზეზად კი კოალიციური მთავრობის შექმნის სირთულეს ასახელებდა.  ერთპარტიული უმრავლესობა ან პოლიტიკური კრიზისი - კობახიძის თქმით, ქვეყანა ამ რეალობის წინაშე დადგება.

"არსებული სპექტრის პირობებში, რეალურად, გამარჯვებულმა პარტიამ უნდა მიიღოს დაახლოებით 45% მაინც მინიმუმ იმისთვის, რომ შედგეს კოალიცია. გამარჯვებულ პარტიას რაც შეეხება, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეს იქნება "ქართული ოცნება". თუმცა, 45% არ არის ჩვენი მიზანი და ჩვენი ამოცანა. მე ვფიქრობ, რეალური სურათი, რაც ალბათ შეიქმნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 60-20-20-ია  - 60% "ქართული ოცნება", 20% "ნაციონალური მოძრაობა" თავისი "ევროპული საქართველოთი" და 20% დანარჩენი ოპოზიცია. ეს არის რეალურად მიღწევადი შედეგი "ქართული ოცნებისთვის,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობაში უკვე გადაწყვეტილია, რომ კოალიციურ მთავრობას არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" და არც "ევროპულ საქართველოსთან" ერთად არ შექმნიან.

ოპოზიცია კობახიძის მანამდე ნათქვამ პროგნოზზე აკეთებს აქცენტს და "ქართული ოცნების" ლიდერს მათემატიკის ცოდნას უწუნებს. თუ მმართველი გუნდი ხმების 45 %-ს აიღებს, დანარჩენი 55% ოპოზიციისაა, შესაბამისად მთავრობასაც ეს პოლიტიკური ძალები დააკომპლექტებენ. ოპოზიციის აზრით პოლიტიკურ კრიზისზე ოცნება მოსახლეობის დასაშინებლად ალაპარაკდა.

"სრულად ვეთანხმები ირაკლი კობახიძეს იმ ნაწილში, რომ "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს კოალიციის ფორმირებას.  ჩემი შეფასებაა, რომ "ქართული ოცნების" მაქსიმუმი, მთელი ადმინისტრაციული რესურსის, მოსყიდვის და ყველაფრის გამოყენებით, არის დაახლოებით 40%-ის ფარგლებში. გვეყოლება ახალი ხელისუფლება იმ ოპოზიციური ძალებისგან შემდგარი, რომელსაც ჯამში ექნება 50%-ზე მეტი," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია მიიჩნევს, კობახიძეს პროგნოზის შეცვლა აიძულეს. მელია დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობას ოპოზიცია დააკომპლექტებს.

"დღეს გამოიყვანეს ადამიანი მისი ნების საწინააღმდეგოდ და ათქმევინეს უკვე 60%. უხერხულობაც აღარ ჰქვია ამ ყველაფერს. მე მტკივა ნამდვილად კობახიძე უკვე იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც უკვე თვალხილულად, საჯაროდ უწევს იმ ყველაფრის კეთება, რისი გაკეთებაც აღარ უნდა. მჯერა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე, ჩვენ მოვახერხებთ მთავრობის დაკომპლექტებას "ქართული ოცნების" განზე დატოვების პირობებში. ძალიან მჯერა ამ ყველაფრის, ოღონდ ამისთვის არჩევნებამდე მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე თვლის, რომ "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკურ შანტაჟს მიმართა და მოსახლეობის პოლიტიკური კრიზისით დაშინებას ცდილობს.

"ეს არის ახალი "ბუას" შექმნის მცდელობა. მანამდე "ბუა" იყო მიხეილ სააკაშვილი თავის "საქართველოში დავბრუნდების" ძახილით, "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" შეთანხმებული დუეტი. ახლა ეს "ბუა" აღარ მუშაობს და ცდილობს "ქართული ოცნება", რომ შექმნას "ბუა" ნომერი ორი. ეს არის, რომ 45%-ზე ნაკლებს თუ ავიღებთ, მაშინ ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა შეიქმნება,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

კოალიციის შესაქმნელად რომ სხვა პარტიებთან თანამშრომლობა მოუწევთ ადასტურებენ "ქართული ოცნების" სხვა წევრებიც. მოქმედი საპარლამენტო ოპოზიციის გარდა, მმართველი გუნდი არ აპირებს თანამშრომლობას პრორუსულ ძალებთანაც, შესაბამისად გამოირიცხა "ქართული ოცნება"-"პატრიოტთა ალიანსის" ტანდემი. კანონის მიხედვით თუ არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესული ძალების უმრავლესობა მთავრობას ვერ დააკომპლექტებს ან ვერ დაამტკიცებს ქვეყანაში ხელახალი არჩევნები დაინიშნება, მოვლენათა ასეთი განვითარების შესაძლებლობას უმრავლესობის ნაწილი ვერ ხედავს.

"სამწუხაროდ ისევ ჩვენ მოვალთ,"- აცხადებს "ოცნების" წევრი რომან კაკულია.

ვინ ვისთან შექმნის ალიანსს - ამ თემაზე საუბრისგან "ქართული ოცნების" და მთავარი ოპოზიციის პოტენციური მოკავშირეები თავს იკავებენ. თუმცა იმაზე, რომ ალიანსი ოპოზიციურ ძალებს შორის უფრო რეალურია ყველა თანხმდება.

"შენების მოძრაობის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თვლის, რომ კობახიძის პროგნოზი ამომრჩევლის დაშანტაჟების მცდელობაა.

"ქართველი ხალხის დაშანტაჟების მცდელობაა, რომ მოგვეცით ხმა, თორემ ან სააკაშვილი მობრუნდება ან ქაოსი დაისადგურებს ქვეყანაში,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ლეიბორისტების ლიდერი "ოცნების" პროგნოზს ჰალუცინაციებს უწოდებს:

"დაეწყოთ საშემოდგომო ისტერიკა, მტკიცება, რომ აიღებენ 40,50,60%-ს მაგონებს კობახიძის ჰალუცინაციებს.  მუქარას რაც შეეხება, რომ ახალი არჩევნები გახდება საჭირო, ნურავის შეაშინებენ"- განაცხადა ნათელაშვილმა.

ანა დოლიძის თქმით, პროცენტულ გადანაწილებაზე, ოცნების მიერ დაწყებული საუბარი, არის მცდელობა რომ ახალ პოლიტიკურ ძალებს იმედი არ მისცენ. "პარტიული დავალების" კარგად შესრულების გამო დოლიძე კობახიძის დასაჩუქრებას ოქტომბრელის ნიშნით აპირებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს თანამშრომლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს და უკვე ალიანსშია "ნაციონალურ მოძრაობასთან". 12 პოლიტიკური ძალა გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას სავარაუდოდ ერთად მიიღებს.

დღის ამბები