12 ნოემბერი 2019,   17:02
ვრცლად
თურქეთის "მშვიდობის წყარო" სირიაში და საბრძოლო მოქმედებები თბილისიდან 1000 კმ-ში - რა გამოწვევების წინაშეა საქართველო

მთელი მსოფლიოს ყურადღება ისევ თურქეთ-სირიის საზღვრისკენაა მიმართული. თურქულმა ავიაციამ სირიის ქალაქებზე იერიშები ცოტა ხნის წინაც მიიტანა. ვითარება რეგიონში უკიდურესად მწვავდება. ყველა საუბრობს რომ რუსეთი პოზიციებს აძლიერებს. ამ ფონზე აქტუალური ხდება დელეგაციის ვიზიტი შეერთებული შტატებიდან. სიტუაცია იმდენად გამწვავებულია, რომ საუბარი ანკარაში დონალდ ტრამპის ჩასვლაზეც კი იყო.

თურქეთ-სირიის საზღვარზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხე იზრდება - ეს ის ძირითადი გზავნილია, რომელსაც დასავლეთი თურქეთის პრეზიდენტს უგზავნის. ამ მიზეზის გამო ვაშინგტონი და ბრიუსელი ანკარაზე ზეწოლას აძლიერებენ და თურქეთს მოუწოდებენ სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ შეაჩეროს. სპეციალური განცხადება გაავრცელა დონალდ ტრამპმა. თეთრი სახლის ლიდერი "ისლამური სახელმწიფოს" გაძლიერების საფრთხეებზე ღიად საუბრობს,

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა პარტნიორებმა "ისლამური სახელმწიფოსგან" ტერიტორია 100 პროცენტით გაათავისუფლეს. თურქეთმა ამ მიღწევას საფრთხე არ უნდა შეუქმნას. თურქეთის პრიორიტეტი უნდა იყოს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა, განსაკუთრებით მოწყვლადი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების. ამერიკის არმიამ "ისლამური სახალიფო" გაანადგურა და სირიიდან გამოდიოდა, თუმცა ახლა ისევ დარჩება რეგიონში და დააკვირდება ვითარებას, ასევე პრევენციას მოახდენს, რათა არ განმეორდეს 2014 წლის მსგავსი მოვლენები, როდესაც "ისლამური სახალიფოს" საფრთხე სირიასა და ერაყში გავრცელდა." - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ანალოგიურ განცხადებას აკეთებს ნატოს გენერალური მდივანიც.

"ნატოს ყველა წევრი ქვეყანა შეშფოთებულია და აკრიტიკებს ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე თურქეთის სამხედრო ოპერაციას. რეგიონში სიტუაციის ესკალაციამ შესაძლოა ტერორიზმის კუთხით პრობლემები ისევ შექმნას და ჩვენი დამარცხებული მთავარი მტერი "დაეში" ისევ აღდგეს." - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში ქურთული ძალების მეთვალყურეობის ქვეშაა "ისლამური სახელმწიფოს" რამდენიმე ათასი წევრი, მათ შორის ჯიჰადის მომხრეების ოჯახის წევრი ქალები და ბავშვები. თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ეინ ისას ბანაკში ამბოხება დაიწყო, რის გამოც გაქცევა როგორც ტერორისტების ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა, ისე რადიკალმა ისლამისტებმაც მოახერხეს. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების საფრთხის გამო, ერაყის ხელისუფლებამ სირიასთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა და დამატებითი ჯარები გაგზავნა.

როგორია ამ ფონზე თბილისის რეაქცია და რა გამოწვევების წინაშეა საქართველო. ამ ფონზე ქართველი ექსპერტები და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რეგიონში ტერორიზმის საფრთხის ზრდამ შესაძლოა ზეგავლენა საქართველოზეც იქონიოს. საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ საქართველოს ტერორისტული აქტების პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა საქართველოს როგორც ტრანზიტული ქვეყნის მიმართ ჯიჰადისტებში ინტერესი მაღალია.

ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე იზიარებს შარაშენიძის პოზიციას, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე განვითარებული პროცესების ფონზე, საქართველოში აფეთქებებისა და თავდასხმების სერია მოსალოდნელი არაა, თუმცა ხელისუფლებას მოუწოდებს პროცესებზე ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საქართველოს მოქალაქეებიც იბრძოდნენ, ამიტომ ტერორიზმის კვლევითი ცენტრის დირექტორი მარიამ თოხაძე არ გამორიცხავს, რომ რადიკალი ისლამისტების ნაწილმა თავი სწორედ საქართველოს შეაფაროს და შემდეგ აქედან სცადოს სხვა ქვეყანაში გადასვლა. თოხაძე ხელისუფლებასა და შესაბამისს ძალოვან უწყებებს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციისკენ მოუწოდებს.

საბრძოლო მოქმედებები თბილისიდან დაახლოებით 1000 კილომეტრში ვითარდება. თელ აბიადში, რას ალ აინსა და ქამიჩლიში თურქული ძალები ქურთებს უტევენ. კონფლიქტის ზონასთან ახლოს კობანიაინ ისა, ჰასაკენიდერიკიქამიჩლი და ალ როჟა ის ლოკაციებია, სადაც "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები და მათი მხარდამჭერები ჰყავთ დაპატიმრებულები.

2017 წელს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფო" დაამარცხა. ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც 2014 წელს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ შექმნა და რომელმაც 21 ქვეყანაში 100-მდე ტერორისტული აქტი მოაწყო. "დაეშის" მებრძოლებმა რამდენიმე ათასი ადამიანი მოკლეს, ნაწილი მათგანი კი სიკვდილით საჯაროდ დასაჯეს. 

დღის ამბები