12 ნოემბერი 2019,   17:31
ვრცლად
"მე არავინ არ დამიჭრიაო..." - ლევან ძნელაძის ადვოკატი ბრალდებულის საავადმყოფოში დაბრუნებას არ გამორიცხავს

ყოფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე, სამართალდამცველებმა ლევან ძნელაძე საავადმყოფოში დააკავეს. საუბარია სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილ პირზე, რომელიც ამ დრომდე დაზარალებულად იყო ცნობილი. რამდენიმე წუთის წინ, მას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს.

ფაქტს წინ უძღოდა ახალი ვიდეო-მასალის გავრცელება ინტერნეტ სივრცეში, სადაც ძნელაძე იარაღით ჩანდა. 

ადვოკატი, გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის, ლევან ძნელაძის ჯანმრთელობის მდგომაროება ჯერ დამაკმაყოფილებელი არ არის, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, შესაბამისად, არ გამორიცხავს, რომ ძნელაძეს ისევ საავადმყოფოში დაბრუნება მოუწიოს, უკვე ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ. 

ლევან ძნელაძე, ამ დროისთვის უკვე დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. 

"ოფიციალურად დღეს გაუწერიათ, მე არ ვიცოდი ეს. როდესაც ჩამოიყვანეს, აქ ელოდებოდნენ. ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა და ინვალიდის ეტლით, გადაიყვანეს. ექიმები გასინჯავენ, თვითონ დროებითი მოთავსების იზოლატორშია და სავარაუდოდ, ისევ საავადმყოფოში გადაიყვანენ ბადრაგის ქვეშ. ეს ბრალდება გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას და ტარებას და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას, 117-ე მუხლის პირველი ნაწილი. ის არავის დაჭრაზე არ ლაპარაკობს, რაც შეეხება იარაღზე, ამაზე ჯერჯერობით, არ გვისაუბრია, მაგრამ მე არავინ არ დამიჭრიაო ამბობს" - განაცხადა ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა.

ლევან ძნელაძის მეუღლე, რომელიც თავადაც არის მომხდარი დაპირისპირების ფიგურანტი, გასული დღეების განმავლობაში აკეთებდა განცხადებებს, რომ ძნელაძე იყო მსხვერპლი და მას თავს დაესხნენ. ძნელაძის მეუღლე და ოჯახის წევრები დღეს კომენტარს აღარ აკეთებენ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები