15 ნოემბერი 2019,   07:08
ვრცლად
"იქნებიან ისეთივე მორჩილები, როგორც ყოველთვის და რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებენ" - ოპოზიცია მოსამართლეთა 20-კაციან სიაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ მოსამართლეთა 20-კაციანი სიიდან ლევან მიქაბერიძე მე-11 კანდიდატია, რომელსაც პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენს.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ იმ მოსამართლეებიდან, ვისაც დეპუტატები უკვე გაესაუბრნენ, უმეტესობა არ იმსახურებს უზენაეს სასამართლოში გამწესებას, რადგან მათ კეთილსინდისირებასა და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება.

"ამ მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ ისინი ვერ იქნებიან თავისუფალი, ისინი იქნებიან ისეთივე მორჩილები, როგორც იყვნენ ყოველთვის და რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებენ. რაც შეეხება პირველ ათეულს, 10-8 პროფესიულად არიან შეუსაბამო ამ თანამდებობისათვის. ვნახოთ მეორე ათეული როგორი გამოდგება," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ოთო კახიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატები, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ კონიუქტურას ემსახურებიან.

"ჩვენ მივიჩნევთ, რომ პროცესი ნამდვილად გამჭვირვალედ მიმდინარეობს, ოღონდ ამ გამჭვირვალობის მიზანი ხომ ისაა, რომ საზოგადოებამ დაინახოს თუ ვინ არიან ეს კანდიდატები. თუ ქართული ოცნების წარმომადგენლები წუხან, რომ მათი კანდიდატები კარგად ვერ გამოიყურებიან, მესმის მათი. სასამართლოს მმართველმა ჯგუფმა ისეთი კანდიდატები წარმოადგინა, რომელიც ემსახურებიან არა კანონს და კონსტიტუციას, არამედ პოლიტიკურ კონიუქტურას," - განმარტა "ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი ამბობს, რომ ოპონენტები აღნიშნული მოსამართლეების დისკრედიტაციას ცდილობენ.

"მესმის, რომ ოპოზიციას აღარ აქვს საფუძველი ისაუბროს პროცესთან დაკავშირებით, ისინი უბრალოდ შენიშვნას ვერ დააფიქსირებენ პროცესებზე. ობიექტური საფუძველი მათ არ აქვთ, აქედან გამომდინარე, ახლა ცდილობენ თოთოეული კანდიდატის დისკრედიტაცია მოახდინონ,"- აღნიშნა ოხანაშვილმა.  

დღის ამბები