20 ნოემბერი 2019,   05:49
ვრცლად
სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 5 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 5 პირი ისევ პატიმრობაში დატოვა. პროცესზე მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ პატიმრობა გირაოთი შეცვლილიყო.

სხდომაზე გამოიკითხნენ ექსპერტები, რომლებმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებული კადრები შეამოწმეს.  საუბარია ვიდეომასალაზე, რომელიც კონკრეტული პირების დაკავების საფუძველი გახდა.

ექსპერტებმა დეტალურად აღწერეს ის ვიდეომასალა, რომელიც საქმეში მტკიცებულებების სახით დევს.

ამ საქმეში ექსპერტების ფუნქცია იყო, დაეზუსტებინათ ნამდვილად მონაწილეობდნენ თუ არა ბრალდებული პირები იმ პროცესებში, რომელზეც მათ ბრალი აქვთ წარდგენილი.

არსებობდა ერთგვარი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდებოდა გირაოს სანაცვლოდ 5 პირის გათავისუფლება, რომლის საქმეც სასამართლოში დღეს განიხილებოდა. ამის საფუძველი გახდა ის, რომ თავად მოსამართლემ თავისი ინიციატივით დაიწყო ამაზე საუბარი, თუმცა, საბოლოოდ მოხდა ისე, რომ პატიმრობის აღკვეთის ღონისძიება დარჩა ძალაში და ამას დაცვის მხარისა და დაკავებულების ახლობლების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა.

"რა საფრთხეს წარმოადგენს ჩემი შვილი?! კეთილშობილი ადამიანია, ყველაფრით მოწესრიგებული. ჯალათები თვითონ ჰყავთ, კრიმინალებით სავსეა მთავრობა. ვითხოვდით გირაოს ან ეს სამაჯური გაეკეთებინათ, მაგრამ არანაირი ახსნა-განმარტება ყურად არ იღო მოსამართლემ," - განაცხადა რუსუდან თამლიანმა.

ერთ-ერთი დაკავებულის დედა აცხადებს, რომ დღევანდელ პროცესზე მან ვერც ერთი ფაქტით გამყარებული არგუმენტი ვერ მოისმინა.

"მოსამართლე ერთი და იგივეს იმეორებს, რომ არ არსებობს საფუძველი იმისი, რომ გათავისუფლდნენ ეს ბიჭები. ვერც ერთი არგუმენტი მე ვერ მოვისმინე ისეთი, რომელიც იქნება გამყარებული რამით. მოწმეებზე ზეწოლა, რაღაც აბსურდულს ასახელებენ დასაბუთებას," - აცხადებს მაგული გობეჯიშვილი.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე აღიარებს ყველაფერს, რაც ფირზე არის ნაჩვენები და აქედან გამომდინარე, არალოგიკურია დაკავებულების პატიმრობაში დატოვება იმ მიზეზით, რომ მტკიცებულებების განადგურების ან მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება არსებობს.

"ჩვენ დავადასტურეთ, რომ თუ ჯიქური და სხვები გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ასე ვთქვათ ბრჭყალებში აღიარეს დანაშაული, მაგრამ ამის ჩვენება არ არსებობს, ჩვენ ვამბობთ, ა ბატონო, ფირზე რაც არის ასახული, ამას ჩვენ ვადასტურებთ, ამ ქმედებას ვადასტურებთ, ფარზე მირტყმა იყო? ვადასტურებთ. სხვა ქმედება იყო რაც ფირზეა? ვადასტურებთ. შესაბამისად, ან როგორ გავანადგურებთ მტკიცებულებებს ან ზემოქმედებას როგორ მოვახდენთ ჩვენს მოწმეებზე?" - აცხადებს ვახტანგ იაშვილი.

პროკურორი მიიჩნევს, რომ საფრთხეები დღეის მდგომარეობით არსებობს და ამიტომაც სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობები არ გაიზიარა.

"დააყენეს დიახ შუამდგომლობები, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული შუამდგომლობები. მიგვაჩნია, რომ საფრთხეები დღეის მდგომარეობითაც სახეზეა. არ აღიარეს, ანუ ახალი არსებითი გარემოება არ ყოფილა წარმოდგენილი, რის გამოც სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობები და დღეის მდგომარეობითაც დარჩა პატიმრობა ძალაში," - განაცხადა გიორგი მუკბანიანმა.

დღის ამბები