20 ნოემბერი 2019,   05:14
ვრცლად
"პროკურატურაში პანიკაა და აპირებენ ამ საქმის დასამარებას" - რა ინფორმაციას ფლობს მურთაზ ზოდელავა ე.წ. მუქარის წერილის საქმეზე

ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  ე.წ. მუქარის წერილზე კვლევის ჩატარება რთული იქნება. ხელისუფლების ოპონენტები, პროკურატურის მხრიდან გავრცელებული ამ განცხადების გამო, საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ გამოძიების ჩატარების მიმართულებით, ეჭვები უჩნდებათ.   

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ დღეს ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთი თითის ანაბეჭდი ათასობით თითის ანაბეჭდს შედარდეს.

"ტექნოლოგიები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ელექტრონულად, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, შედარდეს ერთი თითის ანაბეჭდი არა თუ ათობით და ასობით, არამედ ათასობით და მილიონობით თითის ანაბეჭდსაც კი შეიძლება, რომ შედარდეს ერთი თითის ანაბეჭდი. ასე, რომ ასეთი პასუხი პროკურატურის მხრიდან, უკვე თავისთავად, ძალიან ეჭვის აღმძვრელია, რბილად რომ ვთქვათ," - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ პროკურატურის განცხადებიდან იკვეთება, რომ საგამოძიებო უწყებას საქმეზე გამოძიების ჩატარებას არ აპირებენ.

"მე ვფლობ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პროკურატურაში არის ძალიან პანიკა ამ წერილთან დაკავშირებით. მარგამ მათ განცხადებაში ჩანს ის, რომ ისინი არა თუ რაიმე გამოძიების წარმოებას აპირებენ, არამედ ამ დოკუმენტის და ამ საქმის დასამარებას და ეს გამოსჭვივის მათ განცხადებაშიც. გაიშიფრება როგორც ამ წერილის შემდგენი, ასევე ამ წერილის გადამცემი შუამავალი პირები, ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ამ უმძიმეს დანაშაულში," - აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, tbc ბანკის დამფუძნებლების მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლა დაიწყო, თუმცა არის დაბრკოლებებიც. ერთ-ერთ ფაქტორად ის გარემოება სახელდება, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი.  პროკურატურის ინფორმაციით, მასალები საპროცესო წესით უკვე დამაგრდა და დაილუქა.

დღის ამბები