20 ნოემბერი 2019,   05:15
ვრცლად
"თქვენი ადგილი ციხეშია და არა სასამართლოში"- მიქაუტაძეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ზონდერ-მოსამართლე უწოდეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გიორგი მიქაუტაძის პარლამენტში მოსმენა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამოდგა. გიორგი მიქაუტაძეს, როგორც ოპოზიციამ, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ზოგიერთმა უმრავლესობის წევრმაც, წარსული საქმიანობა გაუხსენეს და არაერთხელ გაუმეორეს, რომ ის არის ე.წ მოსამართლეთა კლანის წევრი.

დამოუკიდებელი დეპუტატის გედევან ფოფხაძის თქმით, გიორგი მიქაუტაძის ადგილი არა სასამართლოში, არამედ ციხეში უნდა იყოს. ფოფხაძემ ის დროც გაიხსენა, როდესაც მიქაუტაძე პროკურატურაში მუშაობდა:

"უარესი, ე.ი იყავით სააკაშვილის რეჟიმის პროკურორი, მაგის მერე გახდით სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლე, ახლა ხართ იმ კლანის ერთ-ერთი სახე, რომელიც ცდილობს ქვეყანაში ხალხს წაართვას მართლმსაჯულება და აქციოს შპს "ქართულ სასამართლოდ". თქვენ, ცოტათი მაინც. რომ პატივისცემა გქონოდათ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის, ჩუმად მაინც იქნებოდით და შანტაჟისტი არ გახდებოდით ქართული ოცნების და მაშინდელი ჩვენი პოლიტიკური გუნდის, იმ მიზნით, რომ ეს თანამდებობები შეგენარჩუნებინათ და მერე უფრო მეტი მოგენდომებინათ. ჩვეულებრივი შანტაჟისტები იყავით ის მოსამართლეები, თანამდებობის გარდა არაფერი გაინტერესებდათ და ეს კლანიც მაგ გენეტიკითაა ფორმირებული, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, ეს არის კლანი, რომლის ამოცანაცაა დააშანტაჟოს პარლამენტი, დააშანტაჟოს ქართველი ხალხი და ამის ხარჯზე მიიღოს თანამდებობები. თქვენ ხართ ადამიანი, რომლის ადგილიც უნდა იყოს ციხეში და არა სასამართლოში," - მიმართა ფოფხაძემ მიქაუტაძეს.

ზონდერ-მოსამართლე უწოდა მიქაუტაძეს კიდევ ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა:

"ბოდიში უნდა მოიხადოთ, თქვენ იყავით ადეიშვილის ვერტიკალში, ასეთი ბინძური უწყება, როგორიც იყო საქართველოს პროკურატურა მაშინ, არ არსებობდა. არ გრცხვენიათ იმ პროკურატურაში რომ მუშაობდით? მერე იყავით ჩვეულებრივი შემსრულებელი, ზონდერ მოსამართლე,"- განაცხადა გოგიჩაიშვილმა

არანაკლებ ხმაურიანი იყო ლევან კობერიძის მიმართვა:

"თქვენ გარიგებაში ხართ... არ გაინტერესებთ საზოგადოების აზრი. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ დღეს ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ არავინ არავინ აღარაა, პარლამენტი პარლამენტი აღარაა, დეპუტატი დეპუტატი აღარაა, პროკურორი პროკურორი აღარაა, გენერალურიც მათ შორის, მოსამართლე მოსამართლე აღარაა,"- განაცხადა კობერიძემ. 

მიქაუტაძეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოესარჩლა და კობერიძეს მიმართა, რომ დეპუტატები პოლიტიკური სადღეგრძელოების მოსასმენად არ იყვნენ შეკრებილნი. პასუხად კობერიძემ მას წესიერად ლაპარაკისკენ მოუწოდა.

ოხანაშვილმა გედევან ფოფხაძესაც უპასუხა და მიმართა, რომ თავს ისე ნუ წარმოაჩენს, თითქოს "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მან მოიყვანა:

"ბატონო გედევან ისეც ნუ წარმოაჩენთ, რომ თქვენ მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში და თქვენს გამო ვართ პარლამენტში," - განაცხადა ოხანაშვილმა.

დღის ამბები