15 დეკემბერი 2019,   20:35
ვრცლად
"ზონდერ მოსამართლე... თქვენი ადგილი ციხეშია" - გიორგი მიქაუტაძის მოსმენისას დეპუტატები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივნის მოსმენა პარლამენტში დღეს დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

გიორგი მიქაუტაძესთან დეპუტატებს კითხვები გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

შეკითხვები შეეხებოდა ოცნების შემომწირველების დაჯარიმებას, კლანურ მმართველობას და კანდიდატის გავლენებს, დეპუტატებმა მიქაუტაძეს კითხვები მეუღლესთან დაკავშირებითაც დაუსვეს, რომელიც 2018 წლიდან საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეა.

დარბაზში დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პირველი ხმაურის მიზეზი კი სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი დარბაზში არ შეუშვა.

ანა დოლიძემ პარლამენტი ისე დატოვა, რომ საკომიტეტო განხილვაზე ვერ შევიდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ადგილს "აივანზე" სთავაზობდნენ, სადაც მიკროფონი არ არის. ანა დოლიძემ "ქართული ოცნება" მიქაუტაძისთვის სასათბურე პირობების შექმნაში დაადანაშაულა და პროტესტის ნიშნად პარლამენტის შენობა დატოვა.

ანა დოლიძისგან განსხვავებით დარბაზში შესვლა მოახერხა ვატო შაქარიშვილმა, თუმცა კითხვის დასმის უფლება არც საკრებულოს წევრს მისცეს. მმართველ გუნდსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს შორის კამათი ჩხუბსა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. დაპირისპირება მოხდა დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და დაჩი ბერაიას შორის. ერთმანეთს სიტყვიერად დღეს სხდომაზე რატი იონათამიშვილი და ეკა ბესელიაც დაუპირისპირდნენ.

დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან მძიმე ბრალდებები დღეს მოსამართლეობის კანდიდატის მისამართითაც ისმოდა. გიორგი მიქაუტაძეს ზონდერ-მოსამართლე რამდენჯერმე უწოდეს, წინა ხელისუფლების დროს პროკურორად და მოსამართლედ მუშაობის პერიოდი შეახსენეს და უთხრეს, რომ მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის უფლება არ აქვს.

წინა ხელისუფლების დროინდელი საქმიანობა გიორგი მიქაუტაძეს დღეს ოპოზიციამაც შეახსენა. მის მიერ განხილული ერთ-ერთი გახმაურებული საქმე  2012 წელს ქართული ოცნების შემომწირველების დაჯარიმებას უკავშირდება. ამ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიქაუტაძეს პასუხს დღეს დაჯარიმებულთა სიაში მოხვედრილი გიგა ბუკიაც სთხოვდა.

რომან გოცირიძემ ტრადიციას არც დღეს უღალატა და საკომიტეტო განხილვაზე მოსამართლეობის კანდიდატის განათლების დონის შემოწმება სცადა. ამჯერად საუბარი არსენა მარაბდელის ბრალეულობას და მთვარის მოტაცებისთვის განკუთვნილ სასჯელს შეეხო.

ტრადიცული შეკითხვა დაუსვა დღეს მოსამართლეობის კანდიდატს მამუკა მდინარაძემაც.

გიორგი მიქაუტაძე უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატთა შორის მე-12-ეა, რომელსაც პარლამენტმა მოუსმინა. ხვალ დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემა პაატა სილაგაძეს მოუწევს.

დღის ამბები