12 ნოემბერი 2019,   18:20
ვრცლად
ანაკლიის პორტის თემაზე დებატები არ შედგება - მთავრობის ეკონომიკური გუნდი პარლამენტში მისვლაზე უარს აცხადებენ

ანაკლიის პორტის საკითხზე პარლამენტში დებატები არ გაიმართება. ეკონომიკურმა გუნდმა დეპუტატების ინიციატივაზე უარი განაცხადა. საკანონმდებლო ორგანოში არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და არც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მისვლას არ აპირებენ.

მინისტრებმა შეთავაზებას "პოლიტიკური პერფორმანსი" უწოდეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეკონომიკური გუნდი მწვავე კითხვებს გაურბის და ამის გამო ვალდებულებების შესრულებაზეც უარს ამბობს. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" თანამშრომლობას შვეიცარიულ სატრანსპორტო კომპანია "ქუნნ ნაგელთან"იწყებს.

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სტრატეგიული პროექტის გაყინული წერტილიდან დაძვრას საქართველოსთან ერთად სხვა სახელმწიფოებიც ელოდება, თუმცა პროცესის დასაჩქარებლად სხვა ფორმატებს ამჯობინებენ.

მოწვევის მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამენ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში." კონსორციუმის დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა მინისტრების საპასუხოდ აღნიშნა, რომ პოლიტიკური შოუ არც მათ ინტერესში შედის და კარგი იქნება, თუ ანაკლიის პორტის მიღმა დაგროვილ კითხვებს ყველა მხარე უპასუხებს.

ანაკლიის საკითხზე მინისტრების პარლამენტში მიწვევის ინიციატორები აღმასრულებელი ხელისუფლების ვალდებულებებზე მიუთითებენ. დამოუკიდებელი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ისტორიული პროექტის ირგვლივ მითქმა-მოთქმა უნდა დასრულდეს და ამაში პარლამენტის ჩართულობას ითხოვენ.

ოპოზიციის ნაწილი კვლავ დარწმუნებულია, რომ პროექტს თავად სახელისუფლებო გუნდი ეწინააღმდეგება. მმართველ პარტიაში კი, მინისტრების მოსვლის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

გასულ კვირას ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური ვალდებულებების წარდგენის ვადა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდა. 2019 წლის ბოლომდე მათ დაფინანსების ნაწილში შესასრულებელი 4 ვალდებულება რჩებათ, მათ შორისაა პოტენციურ ინვესტორებთან კაპიტალის შევსებისა და საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმებები.

დღის ამბები