12 ნოემბერი 2019,   17:52
ვრცლად
სკანდალი: ყოფილი პროკურორი ქალის ბრალდებები გენერალურ პროკურატურას - მამხილებელი წერილის ავტორმა საქართველო დატოვა

პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის სტატუსი სოციალურ ქსელში - სალომე ადეიშვილი უწყებაში არსებულ პრობლემებზე, შესაძლო კურუფციასა და ნეპოტიზმის ფაქტებზე საჯაროდ წერს. ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ უწყებას გამოცდილი კადრები ტოვებენ და ამაში ღიად დებს ბრალს ხელმძღვანელობას. სამსახურიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად ადეიშვილი გენდერულ უთანასწორობასაც ასახელებს.

როგორც "კურიერმა" გაარკვია, სალომე ადეიშვილმა საქართველო უკვე დატოვა და ის ამ დროისთვის აშშ-ში იმყოფება.

"კურიერი" რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა მასთან დაკავშირებას, თუმცა, პროკურატურის ახლა უკვე ყოფილმა თანამშრომელმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

"კურიერთან" საუბარში პროკურორის მიერ უწყების დატოვებას გენდერულ თანასწორობას უკავშირებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია.

"ამ პოსტში იკვეთება სისტემური პრობლემები, ის მიდგომები და ის დამოკიდებულებები, რაც არსებობს ქალი პროკურორების მიმართ. მოგეხსენებათ, რომ პროკურატურა ისედაც არის მასკულინური სტრუქტურა, სადაც ძირითადად კაცები მუშაობენ და როგორც ჩანს ქალებს ძალიან უჭირთ იქ ფუნქციონირება. სალომე ადეიშვილი საუბრობს სექსუალური შევიწროების კონკრეტულ შემთხვევებზე, გენდერული ნიშნით ჩაგვრაზე. ჩვენ ამ პრობლემებზე, ზოგადად, დიდი ხანია ვსაუბრობთ, მაგრამ კონკრეტული მაგალითები იშვიათად გვაქვს. ქალები ამჯობინებენ ხოლმე დუმილს. ძალიან კარგია, რომ სალომე მამხილებლად მოგვევლინა. იმედი გვაქვს რომ უფრო მეტ განცხადებას გააკეთებს და გარკვეული შედეგებიც მოჰყვება,“ - აღნიშნა ბაია პატარიამ.

ყოფილი პროკურორის სტატუსს უკვე მოჰყვა გამოხმაურება პარლამენტში. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა აღნიშნული ფაქტის შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

"ვინ წავიდა, სად წავიდა და რატომ წავიდა, არ ვიცი. საერთოდ არ ვიცნობ. უნდა გავეცნო ამ თემას. როცა არ ვარ საქმის კურსში ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება შესაძლოა იყოს სპეკულაცია. გავეცნობი და ხვალისთვის გიპასუხებთ,“ - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძემ.

ოპოზიაციში აცხადებენ, რომ გენერალური პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის საჯარო განცხადებები "ქართული ოცნების" მმართველობის სისტემაზე მიანიშნებს. "ევროპული საქართველოს" ლიდერი ოთო კახიძე აცხადებს, რომ სალომე ადეიშვილის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ქვეყნისთვის საგანგაშო სიგნალს წარმოადგენს. 

"ყველაზე საგანგაშო სინგალი, რაც წერია ამ განცხადებაში ეს ეხება შერჩევით სამართალს, როდესაც უპატრონო ადამიანს ელოდება სასჯელი და პატრონიანს განრიდება, ეს არის პირდაპირი მინიშნება კორუფიაზე. ეს არის ძალიან საგანგაშო სიგნალი და ის კლიმატი, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა განაპირობებს სწორედ მოვლენების ამგვარ განვითარებას," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ.

"კურიერი" ასევე დაუკავშირდა გენერალურ პროკურატურასაც, თუმცა უწყებამ განცხადების გაკეთებაზე უარი თქვა. მათ "კურიერს" მხოლოდ სალომე ადეიშვილზე ინფორმაცია მიაწოდეს. მათი თქმით, ადეიშვილი 2015 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა პროკურატურაში და პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დღის ამბები