13 ნოემბერი 2019,   13:18
ვრცლად
"არის თუ არა მურუსიძე სასამართლოს ლიდერი" - პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს უსმენენ

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის ხმაურიანი მოსმენის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებთან გასაუბრება გრძელდება. ამჯერად დეპუტატები სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის პაატა სილაგაძის გამოცდილებით და სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ინტერესდებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგა ხულორდავამ სილაგაძეს ჰკითხა, თუ როგორ შეაფასებდა 2012 წლამდე და შემდგომ სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობას?! რაზეც, თავის მხრივ, მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ საკანონმდებლო თვალსაზრისით უწყებაში წნეხი მოხსნილია.

"საკანონმდებლო თვალსაზრისით ის წნეხი მოხსნილია, რაც მანამდე არსებობდა. სხვა მხრივ წნეხი მე არ განმიცდია. ვინ რა წნეხი განიცადა მე არ ვიცი," - აღნიშნა სილაგაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციონერ დეპუტატებს, "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა თუ როგორ აღმოჩნა სილაგაძე უვადო მოსამართლეობის კანდიდატების სიაში.

"თქვენ ბრძანდებოდით იმ სკანდალურ სიაში, რომელმაც დეკემბერში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ აღმოჩნდით აღნიშნულ სიაში, ვინ შემოგთავაზათ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობა?" - მიმართა კახიძემ სილაგაძეს.

პაატა სილაგაძის განმარტებით, მას გიორგი მიქაუტაძე დაუკავშირდა.

"დეკემბერში, როდესაც საბჭოს გადაეცა ეს ფუნქცია მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენისა, დამიკავშირდა იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც მითხრა, რომ ფიქრობდნენ წარვედგინეთ კვლავ კანდიდატად და მექნებოდა თუ არა რამე საწინააღმდეგო. შესაბამისად, მეც არაფერი მქონდა საწინააღმდეგო," - აღნიშნა მოსართლეობის კანდიდატმა.

რაც შეეხება "ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი წევრის, ხათუნა გოგორიშვილის კითხვას, მან სილაგაძეს სთხოვა განემარტა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძისადმი და მიიჩნევს თუ არა მას სასამართლოს ლიდერად.

"ლევანი არის ჩემი კოლეგა მასთან ერთად დიდი ხანია ვმუშაობ სასამართლო სისტემაში და ჩემი გადასახედიდან ის არის დადებითი ადამიანი, ასევე არის კვალიფიცირებული მოსამართლეც. ის არის მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე და თუ ამას გულისხმობთ ლიდერია," - უპასუხა სილაგაძემ.

დღის ამბები