20 ნოემბერი 2019,   06:14
ვრცლად
"ვერ გეტყვით ვერაფერს, არ ვიცნობ ამ კომენტარს" – ცქიტიშვილი და თურნავა პროკურორის სკანდალურ პოსტს არ გასცნობიან

"ვერ გეტყვით ვერაფერს, არ ვიცნობ ამ კომენტარს" – პროკურატურაში არსებულ დარღვევებზე პროკურორ სალომე ადეიშვილის პოსტის შინაარსს არ იცნობენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. ამბავზე, რომელზეც უკვე მეორე დღეა გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას არაერთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს, მაია ცქიტიშვილი და ნათია თურნავა ამბობენ, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება გაუჭირდებათ. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, რომ თუკი სადმე სამართალდარღვევის ნიშნები იკვეთება, ამაზე რეაგირება შესაბამის უწყებებს ექნება.

"მე ვერ ვადევნებ, სამწუხაროდ, თვალ-ყურს ეს ორი დღეა. აქედან გამომდინარე, მე გამიჭირდება რაიმე კონკრეტული კომენტარი გავაკეთო ამ ქეისზე. ზოგადად, თუკი სადმე რამე სამართალდარღვევის ნიშნებია, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და შესაბამისი უწყებები, რა თქმა უნდა, გააკეთებენ ყველაფერზე სათანადო რეაგირებას," - განაცხადა ნათია თურნავამ.

სალომე ადეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმაურება ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი თამარ ჩუგოშვილი. 

"ძნელია ვიღაცის განცხადებაზე განცხადების გაკეთება. დანარჩენი, პარლამენტის მოვალეობა არის ის, რომ წელიწადში ერთხელ, ანგარიში მოისმინოს საქართველოს პროკურატურისგან და ასეთი თემები თუნდაც მაგალითად, ვარაუდის დონეზე გამოთქმული, ბუნებრივია არის ის თემა, რომლითაც პარლამენტი რაღაც დოზით, შეიძლება დაინტერესდეს, თუ ეს ეხება სისტემურ განვითარებას, ან სისტემურ პრობლემას," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ინფორმაციის გამოთხოვას აპირებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" მდივანი ნინო წილოსანი. მისი თქმით, როგორც ქალი პოლიტიკოსი, საკითხით უნდა დაინტერესდეს.

"მე დავინტერესდი და აუცილებლად გამოვითხოვ ინფორმაციას მასთან დაკავშირებით. ძალიან გულდასაწყვეტი იქნება თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას სისტემური ხასიათი არ აქვს და მას გარკვეულ შემთხვევაში, შეიძლება უბრალოდ იმედგაცრუება ჰქონდა, თუმცა ვთვლი, მე როგორც ქალი პარლამენტარი, აუცილებლად უნდა დავინტერესდე," - აცხადებს ნინო წილოსანი.

ყოფილმა პროკურორმა უწყებაში არსებულ პრობლემებზე, შესაძლო კორუფციასა და ნეპოტიზმის ფაქტებზე საჯაროდ დაწერა და საქართველო დატოვა. ყოფილი თანამშრომელი საგამოძიებო ორგანოში გამოვლენილ მნიშვნელოვან დარღვევებზე ბრალს ხელმძღვანელობას სდებს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები