12 ნოემბერი 2019,   17:10
ვრცლად
წამების ფაქტები ოკუპირებულ რეგიონში - "საერთაშორისო სკანდალია, პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება "- არასამთავრობო სექტორი რუსეთის პასუხისმგებლობაზე

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები, სადაც ჩანს, რომ პატიმრებს სამართალდამცველები სასტიკად უსწორდებიან, სავარაუდოდ, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაღებული. 

არსებული ინფორმაციით, ეს ის იზოლატორია, სადაც საოკუპაციო რეჟიმს გატაცებული საქართველოს მოქალაქეები გადაჰყავს. ვიდეომასალის გავრცელების თარიღი ემთხვევა იმ დროს, როდესაც ლაშა ხეთერელმა ცხინვალის საკანში ორი თვე უკანონოდ გაატარა.

"კურიერი" ლაშა ხეთერელის ოჯახში იმყოფებოდა და მისი ოჯახის წევრებს ესაუბრა. "კურიერთან" საუბრისას ლაშა ხეთერელის დედა მსგავს ფაქტებს უარყოფს.

გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი. მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციამ უნდა აიღოს. 

"ეს მიუთითებს იმაზე, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრობლემა ამ ტერიტორიაზე არის სისტემური. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება დაუყოვნებლივ და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო მექანიზმებით დაუკავშირდეს რუსეთის ფედერაციას, ვინაიდან რუსეთს აქვს ოკუპირებული ეს რეგიონი და, ფაქტობრივად, ისაა პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება ამ რეგიონში. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს  არის უკვე საერთაშორისო სკანდალის თემა," - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში პროტესტის ნიშნად მოშიმშილე პატიმრებს 2 ოქტომბერს ომონის თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ და საკვების მიღება აიძულეს. პატიმრებმა შიმშილობა დე ფაქტო იუსტიციის უწყების ახალი რეგულაციის გამო დაიწყეს, რომლის თანახმადაც პატიმრების ახლობლებს მათთვის საკვების შეგზავნა მხოლოდ თვეში ერთხელ შეეძლებათ. შიმშილობის პერიოდში საპატიმრო დაწესებულებაში ერთი მსჯავრდებული გარდაიცვალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები