13 დეკემბერი 2019,   01:39
ვრცლად
კახეთში 61 წლის ქალის მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ ყაჩაღობა გახდა - "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია

კახეთში გარდაცვლილი თამარ სეფიაშვილის ნათესავების ინფორმაციით, ქალი სკამზე ე.წ. სკოჩით იყო მიბმული და სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

მათი ვერსიით მომხდარის მოტივი ყაჩაღობაა, თუმცა ვერ აკონკრეტებენ,  რა არის წაღებული სახლიდან.

ქურდობის მოტივზე საუბრობენ მეზობლებიც.

"წინა დღეს ჩემთან იყო, ცოტა აფორიაქებული. საერთოდ, ძალიან მშვიდი ქალი იყო. მერე შვილმა დამირეკა ესპანეთიდან, დედას ვერ ვეკონტაქტები და იქნებ უთხრაო. სახლში რომ მივედი, დავინახე შუშები ჩამტვრეული იყო, სახლი არეული. შემეშინდა და პოლიცია გამოვიძახეთ. ამბობენ ნაწამებია, სკოჩით იყო მიმაგრებული სკამზე და ხელები ჰქონდა შეკრულიო. ჩვენ ვფიქრობთ, ყაჩაღობა და ქურდობის ამბავია, მაგრამ ჯერ არ ვიცით რა არის წაღებული," - განაცხადა ლიანა მაძღარიაშვილმა.

შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მოხდა.

გარდაცვლილი ქალის ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია. ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები