10 დეკემბერი 2019,   14:48
ვრცლად
სასულიერო პირების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულები - დაიბარებენ თუ არა საეკლესიო პირებს პროკურატურაში

სახალხო დამცველი საგამოძიებო უწყებებს, სასულიერო პირების მხრიდან, სექსუალური ხასიათის შესაძლო დანაშაულებით დაინტერესებას სთხოვს. ნინო ლომჯარიას შეფასებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები აშკარაა. ომბუდსმენის წერილობითი მოთხოვნა უკვე შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურაში.

"გავრცელებული ინფორმაცია, რომელსაც სასულიერო პირები ავრცელებენ, შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს," - ამბობს ლომჯარია.

ნინო ლომჯარიას მოთხოვნას უერთდება მესამე სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ბოლო დროს გაჟღერებულ ბრალდებებზე სიმართლე თუ არ დადგინდება, სიტუაცია კიდევ უფრო გაუგებარი გახდება.

"მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულების ნაწილზე შესაძლოა ხანდაზმულობის ვადა გასულია, გამოძიება ყველა შესაძლო კანონდარღვევით უნდა დაინტერესდეს,"- ამბობენ მესამე სექტორის წევრები.

მესამე სექტორისგან განსხვავებით, ერთსულოვნება არ არის პოლიტიკურ წრეებში. გამოძიების დაწყებას ერთხმად მხოლოდ ოპოზიცია ეთანხმება.

"მიუხედავად იმისა, რომ სიმართლის დადგენის იმედი არ გვაქვს, სულ მცირე მოკვლევა მაინც უნდა დაიწყოს,"- აცხადებენ ხელისუფლების ოპონენტები.

აზრთა სხვადასხვაობაა "ქართულ ოცნებაში". დეპუტატების ნაწილი თვლის, რომ გაკეთებული განცხადებები მოკვლევის საფუძველს იძლევა. მმართველი გუნდის უმრავლესობა კი გამოძიების ან მოკვლევის დაწყების საფუძველს საერთოდ ვერ ხედავს.

ბოლო დღეების განმავლობაში სასულიერო პირები ქართულ ეკლესიაში სისხლის სამართლის და საეკლესიო დანაშაულების სხვადასხვა ფაქტზე ალაპარაკდნენ. ფაქტების ნაწილი როგორც თავად ყვებიან 30 წლის წინ მოხდა, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობით საქმის აღძვრა შეუძლებელია.

ავტორები: ლელუკა ჯავახიშვილი,ალეკო ლეჟავა

​​

დღის ამბები