15 დეკემბერი 2019,   22:45
ვრცლად
როგორი იქნება წყალტუბოს გენგეგმა - სახელმწიფო დოკუმენტს საჯაროდ განიხილავს

კურორტ წყალტუბოს კომპლექსში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 15 ობიექტის საწყისი ფასი 47,5 მილიონი ლარია. ობიექტებს ეკონომიკის სამინისტრო საპრივატიზაციოდ ამზადებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით მოხდება მათი გასხვისება.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა უკვე გამოთქმული ინტერესის გამო საწყისზე გაცილებით მაღალ ფასს ელოდება.

ბიზნესის ნაწილი წყალტუბოს პროექტით რომ დაინტერესდა, ეს დღეს საჯარო განხილვაზეც ითქვა, თუმცა იქამდე, სანამ ინვესტორები კურორტის განვითარებაში კაპიტალს ჩადებენ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კონკრეტული საკითხები აქვთ დასაზუსტებელი.

რა როლი და უფლებები ექნება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოს პროექტში - ეს საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისთვის ამ დრომდე ბუნდოვანია. სამოქალაქო სექტორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს წყალტუბოს გენერალური გეგმის შემუშავებას, რაც დღეს სახელმწიფომ დააანონსა კიდეც. არასამთავრობო ორგანიზაციები დოკუმენტის შემუშავების პროცესს ყურადღებით დააკვირდებიან.

წყალტუბოს პროექტში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის გარდა სამოქალაქო სექტორში კურორტის განვითარების შემდეგ მისი ხელმისაწვდომობაც აწუხებთ. დარგის სპეციალისტები შენობებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზეც საუბრობენ.

გენერალურ გეგმაზე კონკურსის გამოცხადებას სახელმწიფო უახლოეს მომავალში გეგმავს. ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ამბობს, რომ პროცესი კანონით გაწერილი წესებით წარიმართება, რაც დოკუმენტის საჯარო განხილვასაც გულისხმობს. მაია ცქიტიშვილისთვის გენერალური გეგმის არარსებობა პროექტის განხორციელებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი არ არის. მინისტრი ამბობს, რომ ყველა ძირითადი საკითხი ავსტრიული კომპანიის მიერ 5 წლის წინ მომზადებულ დოკუმენტში უკვე გაწერილია. მინისტრთა კაბინეტის წვერებს დღეს წყალტუბოს პროექტში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის განმარტებაც მოუხდათ.

გენერალურ გეგმაზე მუშაობისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტების საპრივატიზაციოდ მომზადების პარალელურად, წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრები დევნილების განსახლების პროცესიც დაიწყო.

წყალტუბოს პროექტზე საჯარო მოსმენები გაგრძელდება. ბევრი კითხვა ჯერ ისევ ღიაა, თუმცა მთვარობამ უკვე განაცხადა, რომ კურორტის ამოქმედებას 2024 წლიდან გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები