15 დეკემბერი 2019,   22:34
ვრცლად
​როცა უნდათ, ყველაფერი მარტივად ხდება - მაკო გომურის კომენტარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ

თითქმის 5 თვე დასჭირდა გენერალურ პროკურატურას იმისთვის, რომ მაკო გომურისთვის, რომელმაც 20-21 ივნისის აქციების დროს თვალი დაკარგა, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინა.

მაკო გომურმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ დაზარალებულის სტატუსი დაეხმარება იმაში, რომ საქმის მასალებს გაეცნოს და შეიქმნას შთაბეჭდილება,  რამდენად ობიექტურად მიმდინარეობს გამოძიება. 

"ეს სტატუსი დამეხმარება იმაში, რომ გავეცნო საქმის მასალებს. საქმის მასალები დამეხმარება იმაში, რომ გავიგებ, გამოძიება როდის იყო დაწყებული, როგორ მიმდინარეობდა და ა.შ. ასე მარტივად ხდება ხოლმე ზოგჯერ ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში, როცა უნდათ,"- განაცხადა მაკო გომურმა.

არასამთავრობო სექტორი მაკო გომურისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას უკვე თვეებია ითხოვს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატ რეზო აჭარაძის შეფასებით, პროკურატურის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ის მიზეზები, რომლებიც მაკო გომურისთვის დაზარალებულის სტატუსის არმინიჭების მოტივად ვრცელდებოდა, უსაფუძვლო იყო. 

"პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება წინა დღეებში იყო მიმართული იმისკენ, რომ აუცილებლად დადგინდეს თუ რა სახის დანაშაული იყო ჩადენილი, თუ რა მეთოდით მიადგათ ამ პირებს ზიანი. თუმცა, დღეს გავრცელებული ინფორმაციით ჩანს, რომ საკმარისი ყოფილა ექსპერტიზის დასკვნა. ის მოტივები, რომლებიც მოიმიზეზა თავის დროზე გენერალურმა პროკურატურამ, დღეის განცხადებით ჩანს, რომ არ ყოფილა საფუძვლიანი,"- განაცხადა რეზო აჭარაძემ.

მაკო გომურთან ერთან დაზარალებულის სტატუსი 20 ივნისის ღამის აქციის მონაწილე კიდევ ორ პირს მიენიჭა.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაზარალებულად უკვე 7 სამოქალაქო პირია აღიარებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები