15 დეკემბერი 2019,   22:33
ვრცლად
ვასაძესთან პოლიტიკურ თანამშრომლობას გამორიცხავს უმრავლესობა, არასაპარლამენტო ოპოზიცია კი დაკვირვების რეჟიმშია

გურამ ფალავანდიშვილი პოლიტიკაში მოსვლას დიდ გუნდთან და რაც მთავარია ლევან ვასაძესთან ერთად გეგმავს. მედიასთან მან ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა დააანონსა და ლიდერების სახელებიც ჩამოთვალა. ჰომოფობიური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, პოლიტიკურ მოძრაობამდე ან პარტიამდე გასავლელი გზა ქუჩის აქციებზე გაივლის.

რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი და ახალი პოლიტიკური მოძრაობის შესაძლო ლიდერი თავად დამატებით განმარტებებს პოლიტიკაში მოსვლაზე არ აკეთებს. ლევან ვასაძემ ამ საკითხზე 2 დღის წინ მორიგი აქციის წინ ისაუბრა. ბიზნესმენი პოლიტიკაში მოსასვლელად საკუთარ პირობას ასახელებს.

სანამ რაინდი ფიქრობს, მის პოლიტიკურ მომავალსა და კავშირებზე ღიად საუბრობენ საპარლამენტო ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ბიზნესმენისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომ ვასაძე პოლიტიკაში შემოვა და ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" სატელიტური პარტიის ლიდერი იქნება.

ლევან ვასაძესთან პოლიტიკურ თანამშრომლობას გამორიცხავს მმართველი გუნდი. ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილი მედიასთან დღეს კატეგორიული იყო და აცხადებდა, რომ ვასაძის პერსონა მისთვის მიუღებელია.

არასაპარლამენტო ოპოზიცია ჯერჯერობით ვასაძესთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესების დამკვირვებლის რეჟიმშია.

ლევან ვასაძეს ქართულ პოლიტიკაში როგორც მმართველი გუნდის სატელიტ ძალას დიდი ხანია ხედავენ დავით უსუფაშვილის "შენების მოძრაობაში", მოძრაობა "ლელოში" კი რუსეთთან კავშირში მყოფ ბიზნესმენზე წინასწარ პოლიტიკურ შეფასებას ვერ გააკეთებენ.

რა ფორმით მოვა ჰომოფობიური განცხადებებითა და საპროტესტო აქციებით ცნობილი რაინდი ქართულ პოლიტიკაში უცნობია. უცნობია ისიც, ითანამშრომლებს თუ არა ის მმართველ გუნდთან, რადგან ერთხელ ბიძინა ივანიშვილს ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლაზე უარი უკვე უთხრა.

დღის ამბები