23 იანვარი 2020,   12:06
ვრცლად
საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე პარლამენტში ორი კანონპროექტი განიხილება - რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები

პარლამენტი 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მსჯელობენ. ამ დროისთვის დეპუტატები ოპოზიციის მიერ მომზადებულ პაკეტს ეცნობიან.

ოპოზიციონერი დეპუტატები ცდილობენ დაარწმუნონ უმრავლესობის წევრები, რომ ბლოკების და ბარიერის გარეშე ჩატარებული არჩევნები მიუღებელია.

დღესვე უნდა განიხილონ "ქართული ოცნების" ვერსიაც. მმართველი გუნდის წევრები ოპონენტებს სთავაზობენ,  2020-ის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, თუმცა ნულოვანი ბარიერითა და ბლოკებით.

კანონპროექტთან დაკავშირებით, უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი შეფასებისგან თავს იკავებს. ისინი მედიასთან გაკეთებულ კომენტარებში ამბობენ, რომ კითხვის ნიშნები არსებობს როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.

"ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არსებობს კითხვები როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე მაჟორიტარი დეპუტატების მხრიდან. ყველა მაჟორიტარს აქვს, ბუნებრივია თავისი მოლოდინი, თუ რა იქნება პასუხები იმ არსებულ კითხვებზე," - აღნიშნა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების"  წევრის ისკო დასენის თქმით, მსჯელობის შედეგად დარწმუნდა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა უმჯობესია.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების”  დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მომხრეა.

"ჩვენ შარშან მივიღეთ კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ 2020 წელს ჩატარდება არჩევნები შერეული წესით დ 2024 წლიდან გადავდივართ პროპორციულ არჩევნებზე. ვაცადოთ ამ კონსტიტუციას და 2024-ში გადავიდეთ,“ - აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.

დღის ამბები