06 დეკემბერი 2019,   15:07
ვრცლად
თუ ჩოხიანი ბიჭების სექსი არ მოგვწონს, არ ნიშნავს რომ შეკრულები ვართ ხალხთან, ვინც ქვებს ისვრის - ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

პარლამენტის პლენარული სხდომა ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრების ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. 

"ქართული ოცნების" წევრმა ზვიად ძიძიგურმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის რეპლიკას უპასუხა, რომელმაც უმრავლესობის წარმომადგენლებს "ივანიშვილის გოშიები" უწოდა. 

"ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ ოპოზიციიდან უმრავლესობის წევრებს გვიწოდა ივანიშვილის გოშიები. ქალბატონ სალომე სამადაშვილს მინდა მივმართო - მე რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, თქვენ ეს მოგეწონებათ? "- იკითხა ზვიად ძიძიგურმა.

იგივე თემა გააგრძელა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ. ვოლსკიმ იმ ფილმზეც ისაუბრა, რომლის ჩვენებასაც "ქართული მარში" ეწინააღმდეგებოდა.

"გოშია სხვას ეძახის გოშიებს, ან ნაგაზი, ან სხვა თემა - პუდელი, ათასი რამ შეიძლება მოიგონო. თურმე ჩვენ არ მოგვწონს ის, რომ პატრიარქს აგინებენ. თურმე, წინწყაროს მელოდიაზე ჩოხაში ჩაცმული ბიჭების სექსის გადაღება შეიძლება არ მოგვწონდეს და ჩვენ თურმე ამ არმოწონების გამო შეკრულები ვართ იმ ხალხთან, ვინც ქვებს ისვრის და ან ჯვარს იყენებს თავში ჩასარტყმელ იარაღად,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.  

მას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა და გაიხსენა, რომ გია ვოლსკი 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგაც კომუნისტურ პარტიაში რჩებოდა. "მოღალატეები, კორუფციონერები და ბოლშევიკები თქვენს რიგებში ეძებეთ,"- მიმართა ბოკუჩავამ კობახიძეს. 

ირაკლი კობახიძემ ბოკუჩავას საპასუხოდ კვლავ 9 წელი, პატიმრების წამება, კორუფცია და ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია შეახსენა.

ამავე თემაზე
დღის ამბები