16 დეკემბერი 2019,   12:30
ვრცლად
2020 წლის ბიუჯეტის პროექტში დეპუტატების არცერთი შენიშვნა არ გაითვალისწინეს - პარლამენტში ფინანსთა მინისტრს უსმენენ

პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის ფარგლებში დეპუტატები ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს უსმენენ. დეპუტატებმა მინისტრს 50-მდე კითხვა დაუსვეს. 

"ევროპული საქართველოს" წევრის ხათუნა გოგორიშვილის კითხვა სოციალურ პროექტებს შეეხებოდა. 

"უმეტესობა ამ ზრდისა არის არა პირველი იანვრიდან, არამედ ივნისიდან, ივლისიდან, რა არის ამის მიზეზი? თუ თანხები არ გყოფნით, მაშინ გვითხარით და კონკრეტულად გეტყვით, სად შეიძლება თანხების გამოთავისუფლება, იგივე ბიუროკრატიული და ფუფუნების ხარჯებიდან, რომ ამ ადამიანებს ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ ფასების ზრდასთან დაკავშირებული პრობლემები," - მიმართა გოგორიშვილმა მაჭავარიანს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტის პროექტში დეპუტატების არცერთი შენიშვნა არ გაითვალისწინეს. 

"პარლამენტის როლი საბიუჯეტო პროცესში ნულამდეა დაყვანილი. არის თუ არა რაიმე ცვლილება განხორციელებული? ხომ არ არის ეს ბიუჯეტი აბსოლუტურად დაქსეროქსებული, დაკოპირებული იგივე ბიუჯეტი, რომელიც მთავრობიდან უკან შემოვიდა,"- აღნიშნა გოცირიძემ. 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა მინისტრს სთხოვა, შემდეგ მოსმენაზე კულტურის მიმართულებით გაზრდილი ბიუჯეტი წარადგინოს. 

კითხვის უფლებით ისარგებლა პარლამენტის თავმჯდომარემაც. არჩილ თალაკვაძემ რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსების შემცირება გააპროტესტა.

"რეგიონული განვითარების ფონდის შემცირებას პარლამენტი არ ეთანხმება და გვაქვს მოლოდინი, რომ 2020 წლისთვის ის ინფრასტრუქტურული და რეგიონული პროექტები, რომელიც განხილვის საგანი იყო საზოგადოებასთან, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, რომ ფონდის დაფინანსება დარჩეს იმ ნიშნულზე, რომელიც შეძლებს პროექტების დაფინანსებას," - განაცხადა თალაკვაძემ.

დღის ამბები