16 დეკემბერი 2019,   11:53
ვრცლად
ნულოვანი ბარიერი და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა - არასაპარლამენტო ოპოზიცია "ოცნებას" პირობის შესრულებას თხოვს

მმართველი გუნდისგან პირობის შესრულებას ითხოვს არასაპარლამენტო ოპოზიცია. ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მე-9 მოწვევის პარლამენტში ვერ მოხვდნენ და ნულოვანი ბარიერით ერთ წელიწადში საკანონმდებლო ორგანოში შესვლის რეალური შანსი მიეცათ, დღეს ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 

საერთო გაჭირვებამ დღეს ყველა ეს პარტია შალვა ნათელაშვილთან მიიყვანა. ე.წ. პრორუსებისთვის და პროდასავლელებისთვის დღეს საფრთხე ერთი მხრიდან მოდის.

განსხვავებული საგარეო თუ საშინაო ვექტორები, საპირისპირო ხედვები თუ პოზიციებში აცდენა - ეს ყველაფერი ერთი დღით წარსულს ჩაბარდა. ძველებსა და ახლებს, ყოფილ თანაგუნდელებსა თუ მოქმედ ოპონენტებს საერთო საფრთხემ, საერთო ენა გამოანახვინა. ყველას ვისაც ხელისუფლად უმუშავია ან უცდია მაინც, ლეიბორისტებმა უმასპინძლეს.

პირობა რომ უნდა შესრულდეს ოპოზიციისთვის უპირობოდ ცხადია. პოლიტიკოსთა ნაწილისთვის მაჟორიტარი დეპუტატების პრეტენზიები დასაშვებია, თუმცა მიუღებელი იმ შემთხვევაში, თუ მას ქვეყნის ბედს გადააყოლებენ.

იმის იმედი, რომ ხელისუფლებას გონიერება და თვითგადარჩენის უნარი კანონის მისაღებად მაინც ეყოფა, იმ პარლამენტარებმაც გამოთქვეს, რომლებიც დღეს მაგიდას პარლამენტს მიღმა დარჩენილ ოპოზიციონერებთან ერთად მიუსხდნენ. აქ ხელისუფლებას მოუწოდებენ,  სიტუაციის რადიკალიზაციას მოეშვან და პროექტს კენჭი ხვალვე უყარონ.

პოლიტიკურ სპექტაკლზე საუბრობდნენ დღეს ისინიც, ვინც შეხვედრას ვერ დაესწრნენ. მამუკა კაციტაძე, რომელმაც რეფორმის ოპოზიციისეული ვერსია პარლამენტში გაიტანა, ხელისუფლებას პროექტის ჩაგდების მცდელობებში დღესაც ღიად ადანაშაულებდა. "რესპუბლიკელები" კი ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში "ოცნების" მარცხს პროგნოზირებენ.

რა განზომილებას მიიღებს დაწყებული პოლიტიკური პროცესები, ოპოზიციის თქმით, ცალსახად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ხვალინდელი კენჭისყრით კი ნათელი გახდება ის, თუ რა სცენარს წერენ "ქართულ ოცნებაში".

დღის ამბები