12 დეკემბერი 2019,   04:57
ვრცლად
"პოპულისტური და რისკის შემცველი" - 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს

2020 წლის ბიუჯეტის პროექტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს. დეპუტატებმა გუშინ ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მოუსმინეს, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს დოკუმენტის გადამუშავებული ვერსია წარუდგინა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, ბიუჯეტი პოპულისტურია.

"დასრულდა ბიუჯეტის განხილვა, დაუბრუნდა იგი მთავრობას. იმედი აღარ გვაქვს, რომ ის იქნება შესწორებული და გაითვალიწინებენ ჩვენს რჩევებს. ეს არის რისკის შემცვლელი და პოპულისტრი ბიუჯეტი. ამ ბიუჯეტის პირობებში ვერ მოხდება ლარის სტაბილურობა და სამწუხაროდ ეს ხელს შეუწყობს ფასების ზრდას. ბიუჯეტი იმ ფორმით არის შედგენილი, რომ ძალიან ძნელია მისი რაიმე ფორმით გალამაზება," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ახალ ვერსიაში მთავრობის მიერ დეპუტატების შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებულია.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი პროცედურის თანახმად ისევ მთავრობას დაუბრუნდა. აღმასრულებელ ხელისუფლებას კი ბიუჯეტის საბოლოოდ შესწორებული პროექტის წარსადგენად ვადა თვის ბოლომდე აქვს.

 

დღის ამბები