14 დეკემბერი 2019,   17:31
ვრცლად
მაჟორიტარების "ამბოხი" - უმრავლესობის დეპუტატებმა ისტორიული კანონპროექტი ჩააგდეს

"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ისევ მმართველი გუნდის წევრებმა ჩააგდეს. ისტორიულ კენჭისყრამდე სხდომათა დარბაზში დეპუტატების განსაკუთრებული მობილიზება გამოცხადდა. ნერვიულობა ეტყობოდა ზოგიერთ იმ დეპუტატს, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიეღო. საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმების მოსაპოვებლად პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს რეგისტრაციის 3-ჯერ გავლაც კი დასჭირდა. საბოლოოდ, სხდომათა დარბაზში 141 დეპუტატი შეიკრიბა, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო 113 ხმის მობილიზება მაინც შეუძლებელი გახდა.

სხდომის დასრულებისთანავე გახდა ცნობილი იმ დეპუტატების ვინაობა, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მისცეს ხმა. ასეთი ქართული ოცნების 3 მაჟორიტარი - ენზელ მკოიანი, კახა ოქრიაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე არიან. მმართველი პარტიის კიდევ 37 წევრი დარბაზში იმყოფებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. მათ შორისაა ფრაქცია "ქართული ოცნება რეგიონების" სრული შემადგენლობა.

საყვირის ხმა სხდომათა დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნისთანავე გაისმა. პროტესტის ამ ფორმას საპარლამენტო ოპოზიციამ მიმართა. უმრავლესობის წევრების ნაწილი საყვირის ხმამ გააღიზიანა. იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც. კარლო კოპალიანს, ელენე ხოშტარიასა და თინა ბოკუჩავას შორის დაპირისპირება მანდატურმა განმუხტა.

სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნიკა მელია და მამუკა მდინარაძეც, მათ შორის სიტუაციის განმუხტვას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცდილობდა.

სხდომათა დარბაზის გარდა, ხმაური და დაპირისპირება იყო პარლამენტის შენობასთანაც. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან, რომლითაც დეპუტატები სარგებლობენ, ჯერ კიდევ კენჭისყრის დაწყებამდე შეიკრიბნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და ახალგაზრდები. ისინი დეპუტატებს შეძახილებით და სტვენით აცილებდნენ.

ხმაურისა და აქციის მონაწილეთა შეძახილების ფონზე დატოვეს დეპუტატებმა "ქართული ოცნების" ოფისიც. პარტიის ოფისთან დილიდან სამართალდამცველთა მობილიზება იყო, ისინი აქციის მონაწილეებისა და დეპუტატების ერთმანეთისგან დისტანცირებას უზრუნველყოფდნენ. როგორც გაირკვა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა თავად უმრავლესობის სხდომაც. იმის გამო, რომ მაჟორიტარული წესით არჩევნების ჩატარების გაუქმებას "ქართულ ოცნებაში" მაჟორიტარების "ამბოხი" მოჰყვა- პარტიის ლიდერმა თანაგუნდელებს თავისუფალი კენჭისყრა შესთავაზა.

პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ კენჭისყრამდე დეპუტატებს საკითხის გააზრებისკენ და გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. გიორგი გახარია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა და თქვა, რომ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა.

კონსტიტუციაში ცვლილებას და მომდევნო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული წესის გაუქმებას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გუნდთან ერთად საზოგადოებას დაახლოებით 6 თვის წინ საპროტესტო აქციების ფონზე დაჰპირდა.

ცვლილებებზე 1 თვის განმავლობაში საჯარო განხილვებიც მოეწყო, თუმცა კენჭისყრამდე 2 დღით ადრე "ქართული ოცნების" მაჟორიტარების ნაწილმა ცვლილებებზე უარი თქვა და საბოლოოდ, ისტორიული კენჭისყრა მოწინააღმდეგეთა გამარჯვებით დასრულდა.

 

ავტორი: ქეთი ზანთარია

დღის ამბები