14 დეკემბერი 2019,   17:33
ვრცლად
როგორ შეიძლება ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები - კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს

კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ "რუსთავი 2"-ის ეთერში პროცესების შესაძლო განვითარებაზე ისაუბრა, მისი თქმით, არსებობს რამდენიმე ვერსია, რომ 2020 წელს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში შენარჩუნდეს:

"რამდენიმე ვერსია არსებობს იმისა, რომ 2020 წელს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში შენარჩუნდეს. ყველაზე გამართული იქნება ის, როდესაც ხელახლა ინიცირდება ცვლილებები და ამის შემდეგ გაიმართება საერთო სახალხო განხილვა, სამი მოსმენით კენჭისყრა და 113 ხმით დამტკიცება.

იყო საუბარი მეორე ვერსიაზეც ე,წ გერმანულ მოდელზე,ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი კონსტიტუციის შეცვლა, ჩემი ხედვით კონსტიტუცია სწორედ გერმანული მოდელის დანერგვის საშუალებას იძლევა. გერმანულ მოდელში ნარჩუნდება მაჟორიტარული მოდელი, თუმცა მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნები მექანიკურად ერთმანეთთან არ ჯამდება და ფაქტობრივად, თავიდან ვიცილებთ არაპროპორციული შედეგების დადგომის შესაძლებლობას,"- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია,რომ ხელისუფლება ამ დათმობაზე წავიდეს მენაბდემ განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ, საზოგადოების პროტესტმა ხელისუფლება აიძულა უკან დაეხია და არც ახლაა გამორიცხული.

მენაბდის თქმით, ვადამდელი არჩევნების პროპორციული წესით ჩასატარებლად რამდენიმე საფეხურის გავლაა საჭირო და ეს ძირითადად მთავრობის გადადგომას უკავშირდება:

"ვადამდელი პროპორციული არჩევნები შეიძლება შემდეგ შემთხვევაში, პრემიერი უნდა გადადგეს და პარლამენტმა მთავრობა ვერ დაამტკიცოს, ან პრემიერმა ნდობის განახლება მოითხოვოს და პარლამენტმა ახალი მთავრობა ვერ დაამტკიცოს და პრეზიდენტმა დაითხოვოს პარლამენტი. დღეს, რომ დაიშალოს პარლამენტი, არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით 3%-იანი ბარიერის პირობებში,"- აღნიშნა მენაბდემ.

დღის ამბები