29 იანვარი 2020,   13:50
ვრცლად
ქართველი ექიმის შვიდდღიანი ტყვეობა ცხინვალში - ცენტრი "ემპათია" ხელისუფლებას მოუწოდებს სასწრაფოდ მიიღონ ზომები ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებად

ექიმის გატაცება, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა  - ცენტრი "ემპათია", რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ცხინვალის ციხეში დატყვევებული ექიმის - ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება და მოუწოდებს ხელისუფლებას სასწრაფოდ მიიღონ ქმედითი ზომები მის გასათავისუფლებად.

"ექიმის ტყვეობა არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა. ამგვარი ქმედება დაუშვებელია საომარი მოქმედებების დროსაც კი. სამწუხაროდ, ამ ფაქტთან დაკავშირებით დუმს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი და ასევე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი.

საქართველოს მთავრობამ, სამწუხაროდ, ვერ გადადგა ქმედითი ნაბიჯები, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, რათა ჰუმანიტარული დახმარების შემთხვევაში ადამიანების გადაადგილების უფლება ოკუპირებული ზონებიდან იყოს რეალიზებული, ახლა კი ამ ვანდალურ ფაქტებს ექიმის გატაცების შემზარავი ფაქტიც დაემატა.

ცენტრი "ემპათია" კვლავ მოუწოდებს ხელისუფლებას გაზარდოს საზოგადოებისა და ექსპერტების ჩართულობა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში და ჰუმანიტარული პრინციპების დაცვის მიმართულებით უზრუნველყოს ოკუპაციისა და პარა - ოკუპაციის ზონებში ადამიანების უსაფრთხოების დაცვა.

სურვილის შემთხვევაში ცენტრი "ემპათია" მზად არის დაიცვას გატაცებული ექიმის ინტერესები,"- ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამოდენიმე დღეა, ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება.

დღის ამბები