06 დეკემბერი 2019,   14:45
ვრცლად
76 დეპუტატის ხმა - შეძლებს თუ არა პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებას

საქართველოს პარლამენტი ბიუჯეტის განხილვას აპირებს. "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კიდევ ერთხელ უნდობლობას უცხადებს.

ის, რაც მმართველი გუნდისთვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, პოლიტიკური ოპონენტებისთვის მოსახლეობის მოტყუება და "ქართული ოცნებისთვის" ხელისუფლების შენარჩუნების გზაა. რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას ბიუჯეტის არამიზნობრიობამაც შეუწყო ხელი.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ბიუჯეტი "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად "ევროპული საქართველოსთვისაც" მრავალი წელია უკვე პრობლემაა და მას მხარს არ უჭერენ. თუმცა, დღეს მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის ფონზე, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე მეტად, ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის მთავარი საზრუნავი ქვეყნის სტაბილურობაა.

"ქართული ოცნების" ბიუჯეტის პროექტს არც "პატრიოტთა ალიანსის" მხარდაჭერის იმედი უნდა ქოდეს. პარტიაში ამბობენ, რომ დოკუმენტის პროექტი მხოლოდ ციფრებით თამაში და მოსახლეობის მოტყუებაა. ირმა ინაშვილის გუნდის წევრები, მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტში ვერც მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებზე პასუხს და ვერც თანხების მიზნობრივად გადანაწილებას ვერ ხედავენ.

მხარდაჭერას არ აპირებს, თუმცა გედევან ფოფხაძეს მიაჩნია, რომ დოკუმენტი უნდა დამტკიცდეს და ქვეყანამ ახალი წელი ახალი ბიუჯეტით უნდა დაიწყოს. დამოუკიდებელი დეპუტატის ძირითადი არგუმენტი, რატომაც ბიუჯეტის პროექტს უნდობლობას უცხადებს, სოციალური გამოწვევებია, რაზეც გედევან ფოფხაძე "ქართული ოცნების" ფინანსურ დოკუმენტში პასუხს ვერ პოულობს.

ბიუჯეტზე პასუხისმგებლობის განაწილებაზე ოპოზიციის მხრიდან უარი არ უკვირთ უმრავლესობაში. მმართველ გუნდში იმაშიც დარწმუნებულები არიან, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებას პრობლემა არ შეექმნება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მთავრობასთან რამდენიმე დღის წინ გავლილი კონსულტაციების შემდეგ, აღმასრულებელი ხელისუფლება ნოემბრის ბოლოს პარლამენტს ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას, დეპუტატების შენიშვნების გათვალისწინებით წარუდგენს.

შენიშვნები ჰქონდათ როგორც მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე პროფილურ კომიტეტსაც. საკანონმდებლო ორგანო დაფინანსების გაზრდას მთავრობას ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული ფონდისთვის ითხოვს.

ბიუჯეტს დასამტკიცებლად პარლამენტის შემადგენლობის უმრავლესობა ანუ 76 ხმა სჭირდება. მოქმედი კონსტიტუციით, თუ საკანონმდებლო ორგანომ არ ან სახელმწიფო ბიუჯეტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ვერ მიიღო, ხარჯები წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით დაიფარება.

დღის ამბები