16 დეკემბერი 2019,   12:30
ვრცლად
პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება - კანონის დარღვევა თუ პროტესტის გამოხატვის ფორმა

პარლამენტის შესასვლელების პიკეტირების გამო მმართველმა პარტიამ ბიუროს სხდომის დათქმულ დროზე გამართვა ვერ შეძლო. შესასვლელები პიკეტირებული ჰქონდათ აქციის მონაწილეებს, რომლებიც ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები არ შეასრულა და 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

მომიტინგეებს პარლამენტის სამივე შესასვლელი პიკეტირებული სპეცრაზმის გამოჩენამდე ჰქონდათ. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტში შესვლა დეპუტატების ნაწილმა სცადა. პირველი, ვინც დღეს შენობაში შესვლა მოინდომა, "ქართული ოცნების" უხუცესი წევრი რევაზ არველაძე იყო, თუმცა პროტესტის გამო იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა.

ხმაური მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოსთან ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას გამოჩენასაც. "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და აქციის მონაწილეებმა დეპუტატს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

მესამე დეპუტატი, რომელიც პარლამენტთან მივიდა, გია ჟორჟოლიანი იყო, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება აქციის მონაწილეებმა არც მას მისცეს. ტერიტორია ჟორჟოლიანმა პოლიციის დახმარებით დატოვა.

ცეცხლი, ქვიშის ტომრები და ბოქლომები აქციის სიმბოლოდ იქცა. დღეს ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი დაადეს და მას საქართველოსა და ევროკავშირის დროშები შემოახვიეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის სამივე შესასვლელი გუშინ ჩაკეტეს. პოლიტიკოსებთან ერთად პარლამენტის პიკეტირებაში მონაწილეობდა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც წელიწადზე მეტია პარლამენტის წინ კარავში ცხოვრობს. როგორც მაჩალიკაშვილი ამბობდა, საკანონმდებლო ორგანოში მალულად შესვლის საშუალებას არავის მისცემდა.

პარლამენტის შენობის ბლოკირების შეწყვეტისკენ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს დღის მეორე ნახევარში მოუწოდა. მიზეზად განმარტა, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობისთვის ხელის შეშლა კანონით იკრძალება.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ოპოზიციის ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა გაფრთხილება "ქართული ოცნების" დეპუტატებისგანაც მიიღეს. პარლამენტის პიკეტირება და საკანონმდებლო საქმიანობის შეჩერება მმართველი პარტიისთვის ოპოზიციის იაფფასიანი რადიკალიზმია. "ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილება არ განიხილება.

"ძალადობის პროვოცირება" -  ასე აფასებდა ოპოზიცია "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებას. ზოგიერთისთვის მმართველი პარტიის ოფისში გაკეთებული განცხადებები არასერიოზულიც კი აღმოჩნდა. ნაწილი კი ამბობდა, რომ ვიდრე ხელისუფლება პროპორციულ არჩევნებს არ დანიშნავს, მათი პროტესტი არ შეწყდება.

ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად თბილისის მერის, კახა კალაძის, კრიტიკის ობიექტი დღეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც გახდა. კალაძემ უსუფაშვილი უმოქმედობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი თავმჯდომარეობის დროს პროპორციულ წესზე გადასასვლელად პარლამენტს არაფერი გაუკეთებია. კალაძის ამ განცხადებას მალევე უპასუხა დავით უსუფაშვილმა და "ქართულ ოცნებას" შეახსენა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება სწორედ მათ არ სურდათ.

პარლამენტის შენობის მომიტინგეებისგან გათავისუფლება და საპარლამენტო საქმიანობის აღდგენა დღის ბოლოს მმართველმა ძალამ სპეცრაზმის დახმარებით განახორციელა.

ავტორი: ქეთი ზანთარაია

ფოტოს ავტორი: ნიკოლოზ ურუშაძე

 

ამავე თემაზე
დღის ამბები