23 იანვარი 2020,   12:08
ვრცლად
"ეს არის უკიდურესი ცინიზმი, ახლა დიალოგის რესურსი უბრალოდ აღარ არის" - თინა ბოკუჩავა

მართველი გუნდის შეთავაზება - პროცესების საპარლამენტო ფორმატში დაბრუნების შესახებ, ოპოზიციისთვის მიუღებელია და მოლაპარაკებების შეთავაზებას ცინიზმად აფასებენ.

ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლება შეშინებულია და ისინი უფრო მძლავრ პროტესტს მიიღებენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს მოლაპარაკებების დაწყებისკენ გუშინდელი ბიუროს სხდომის დროს მოუწოდა.

პარლამენტის ბიუროს მუშაობა საღამოს რვის ნახევარზე, მას შემდეგ განახლდა, რაც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია სპეცრაზმმა გაათავისუფლა.

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია აღნიშნავს, ხელისუფლების ძალის დემონსტრირებას გაცილებით მწვავე პროტესტი მოჰყვება.

"ჩვენ არ გვაინტერესებს შეშინებული არჩილ თალაკვაძის აზრები, ყველაზე მთავარია, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ასეთი ძალის დემონსტრირების მასკარადით ჰგონიათ, რომ რამეს შეცვლიან. ისინი მიიღებენ კიდევ უფრო მწვავე პროტესტს, ბლოკირებასაც, პიკეტირებასაც და ფართომასშტაბიან მიტინგებსაც," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას თქმით კი ხელისუფლებამ ოპოზიციის მოთხოვნები უნდა შეასრულოს.

"არჩილ თალაკვაძე, მაშინ, როდესაც გვცემენ, გვიჭერენ და გვირტყამენ გვესაუბრება დიალოგზე და კონსტრუქციულობაზე. ეს არის უკიდურესი ცინიზმი, ახლა დიალოგის რესურსი უბრალოდ აღარ არის, ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის მოთხოვნები უნდა შეასრულოს,"  - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები