13 დეკემბერი 2019,   12:03
ვრცლად
ხელისუფლება გადასულია ძალის დემონსტრირებაზე - მესამე სექტორის შეფასება

ხელისუფლება აიგნორებს ქვეყანაში შექმნილ კრიზისს და გადასულია ძალის დემონსტრირებაზე - ასე აფასებს მესამე სექტორი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დაშლის ფაქტს.

არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი მასშტაბით ძალის გამოყენების აუცილებლობა არ იყო. მათივე თქმით, აქციის მონაწილეები პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდნენ და დარბევა უადგილო იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავრობას მოუწოდებენ ისეთი ნაბიჯების გადადგან, რომელიც სიტუაციას განმუხტავს.

"პოლიცია და სახელმწიფო ხელისუფლება ძალის დემონსტრირებაზეა გადასული, ამიტომ ხელისუფლების მიმართ ჩვენი მოწოდებაა, გააცნობიერონ არსებული რეალობა და დროულად გადადგან ის ნაბიჯები, რომელიც სიტუაციას განმუხტავს," - აღნიშნა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის მოადგილემ ნონა ქურდოვანიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" გამგეობის წევრის ეკატერინე ციმაკურიძის თქმით, მმართველ პოლიტიკურ ძალას ავიწყდება, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მას. როგორც ციმაკურიძე აღნიშნავს, ეს ხელისუფლება არალეგიტიმური იმ მომენტიდან გახდა, როდესაც საარჩევნო სისტემის შეცვლას არ დათანხმდნენ.

დღის ამბები