12 დეკემბერი 2019,   05:24
ვრცლად
ოპოზიციის პროტესტი და ხელისუფლების პასუხი -"ბოქლომების ომში" გასაღები ჯერ ისევ არ ჩანს

"ბოქლომების ომი" - პარლამენტიდან ქუჩაში გადატანილ პოლიტიკურ პროცესს ოპოზიციამ უკვე საკუთარი სახელი დაარქვა.

საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადებამდე, რომან გოცირიძემ პარლამენტში სხდომათა დარბაზს სიმბოლურად, ბოქლომი დაადო.

ის, რაც ოპოზიციისთვის "ბოქლომების ომია,"  ხელისუფლების შეფასებით, ქვეყნის მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტზე და ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების თავდასხმაა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის შემდეგ, პირველი განცხადება მთავრობის მეთაურმა დღეს, დღის პირველ ნახევარში გააკეთა.

"მას შემდეგ, რაც რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა ადამიანებს, ბლოკირებისკენ, პარლამენტის ფუნქციონირება შეეზღუდა და დაიწყო დეპუტატების შეურაცხყოფა, ისინი, ფაქტობრივად, თავს დაესხნენ დეპუტატებს. ამის შემდეგ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდა. უკანონო აქციის ბლოკირება, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ იქნება აღკვეთილი. მომავალშიც, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება ოპოზიციამ მუქარად აღიქვა. ლიდერებმა თქვეს, რომ მუქარისშემცველი იქნება პასუხიც და ხელისუფლება მშვიდად ვეღარ ჩაატარებს სხდომებს. პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ რუსთაველზე განვითარებული მოვლენები ბოლო არ იქნება. მთავრობას მშვიდი მუშაობისთვის სპეცრაზმის დახმარება კიდევ ბევრჯერ დასჭირდება.

მმართველმა გუნდმა ოპოზიციას დღეს რამდენჯერმე უთხრა, რომ კანონის დარღვევის უფლებას აღარ მისცემს. "ოცნების" მთავარი არგუმენტი კანონია. სახელისუფლებო გუნდი ამბობს, ქვეყნის მთავარ გამზირზე გამოხატვის თავისუფლება აქციის მონაწილეებისთვის არავის შეუზღუდავს. კანონი კი, თავად ოპოზიციამ დაარღვია, როცა ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე, ჯერ გზა გადაკეტა და შემდეგ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება დაიწყო.

აქციის ორგანიზატორი არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ლიდერები ხელისუფლებას არა ბოქლომების ჭრას, არამედ გასაღების ძებნას ურჩევენ. მათთვის ეს გასაღები პრინციპული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე გადის. დღეს კიდევ ერთხელ ითქვა, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების გარეშე, არ იქნება არც დიალოგი და არც არანაირი კომპრომისი. რუსთაველზე სპეცრაზმის გამოყვანის და პიკეტირების დაშლის შემდეგ, ოპოზიციის ერთადერთი პასუხი, ისევ აქციებია.

ვინ გახსნის ბოქლომების ახალ სერიას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში პირდაპირი ეთერის რეჟიმში ფაქტობრივად ხელიდან ხელში გადადის - ჯერ ოპოზიცია, შემდეგ სპეცრაზმი, მერე მმართველი გუნდი და დღეს ისევ ოპოზიცია - პროცესების პროგნოზირება მოქმედ პოლიტიკურ ძალებს უჭირთ.

დათმობაზე წასვლას არც ერთი მხარე არ აპირებს, თუმცა ორივე თანხმდება, რომ გადამწყვეტი სიტყვა, ანუ მთავარი გასაღები, ხალხის ხელშია.

დღის ამბები