06 დეკემბერი 2019,   23:09
ვრცლად
37 განსახილველი საქმე და 1 მოსამართლე - ვალერიან ფილიშვილს ვერდიქტი ამ დრომდე არ დაუსაბუთებია

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულების საქმეზე მოსამართლის ვერდიქტი ასეთია: 10 პატიმრობა, 1 ჯარიმა და 1 სიტყვიერი შენიშვნა.

12 დაკავებული სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა რის მიხედვით მიესაჯა ნაწილს 13 დღიანი პატიმრობა და ნაწილს 4 დღიანი, განმარტება  არ გაკეთებულა.  ოპოზიცია ვერდიქტის დასაბუთებას ითხოვს.

აქციაზე დაკავებული 37 პირიდან 25-ის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.

პარტია "გირჩის" ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიძე ერთ-ერთია იმათგან, ვინც მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია. დღეს ყველა მათგანს სასამართლოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ პროცესი გადაიდო, თუმცა მიზეზი არ განუმარტავთ.

საპროტესტო აქციების ლიდერების დაკავებას მიზანმიმართულს უწოდებენ აქტივისტების ოჯახის წევრებიც. მათი თქმით, თუნდაც ის ფაქტი, რომ დაკავებულები საქართველოს სხვადასხვა ქალაქის საპატიმროებში გადაანაწილეს, იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება შეშინებულია.

გორი, მცხეთა, რუსთავი, მარნეული - ამ ქალაქებში გადაანაწილეს ის 10 აქტივისტი, რომელთაც გუშინ პატიმრობა შეეფარდა. ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი ადვოკატებმა დღეს მოინახულეს.

დაკავებულთა ნაწილი პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებს, თუმცა, როგორც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ ბრიფინგზე ითქვა, მოსამართლეს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც ადვოკატებს დაბრკოლებას უქმნის.

პოლიტიკურად მოტივირებული, მიკერძოებული და უსამართლო - ასე აფასებს სამოქალაქო სექტორი იმ გაჭიანურებულ პროცესს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. არასამთავრობოების შეფასებით, ზოგ შემთხვევაში დაირღვა დაკავებულთა პატიმრობაში ყოფნის ვადები. ადვოკატებს მტკიცებულებების მოსაპოვებლად საკმარისი დრო არ ჰქონდათ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები კი დაკავებულთა ბრალეულობას ვერ ადასტურებდა.

სამოქალაქო სექტორის პრეტენზიებს დისკრედიტაცია და დეზინფორმაცია უწოდა თბილისის საქალაქო სასამართლომ. არასამთავრობოების კითხვას, თუ რატომ იხილავს ყველა საქმეს ერთი მოსამართლე, ვალერიან ფილიშვილი, დღის ბოლოს სასამართლომ წერილობით გასცა პასუხი და აღნიშნა, რომ საქმეების გადანაწილება ელექტრონული სისტემის საშუალებით ხდება. ამ განმარტებას მალევე უნდობლობა გამოუცხადა საზოგადოებრივმა მოძრაობა "ლელომ." მოძრაობის ხელებშებოჭილმა წევრებმა სასამართლოს ეზოში აქცია-პერფორმანსი გამართეს.

სასამართლოს გადაწყვეტილების გაპროტესტება მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტებმა დღეს საქალაქო სასამართლოს ჭიშკარზე ბოქლომის დადებითაც სცადეს, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა ჯგუფურად კიდევ 8 ადამიანის საქმე უნდა განიხილოს, დანარჩენი დაკავებულების საქმეებს კი ინდივიდუალურად განსჯის. პროცესების გადადების მიზეზები დღეს არ განუმარტავთ, არც ისაა ცნობილი, როდის გაიმართება სხდომები.

ამავე თემაზე
დღის ამბები