29 იანვარი 2020,   13:15
ვრცლად
ნარკოდანაშაულზე დაკავებულ ბერს ბრალის დადგენილებას ოფიციალურად, დღეს გააცნობენ

ნარკოდანაშაული, რომელშიც სასულიერო პირი ამხილეს - საქმეზე დაკავებულ ბერ-მონაზონს ბრალის დადგენილებას ოფიციალურად დღეს გააცნობენ.

33 წლის სვიმონ ქავთარაძე პოლიციას მას შემდეგ ჩაბარდა, რაც დიდი ოდენობით, 40 აბ მეტადონზე დანაშაული საკუთარ თავზე სასულიერო პირის ახლობელმა, რომან მალანიამ აიღო. ის გუშინ ზუგდიდის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.

მას შემდეგ კი, რაც ბერ-მონაზონი სვიმონ ქავთარაძე სამართალდამცავ უწყებას თავისი ნებით ჩაბარდა, რომან მალანიას გირაო შეუფარდეს. ახლა კი, მან სამართალდამცავ ორგანოს ხელახალი ჩვენება უნდა მისცეს.

ადვოკატი ჯიტა გულუას განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი რომან მალანია დაადასტურებს, რომ მამაოს ჩვენება რეალობას შეესაბამება და ახსნის მიზეზს, თუ რატომ აიღო მამაოს დანაშაული თავის თავზე, ბერ-მონაზვნის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ხოლო რომან მალანია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.

უფლებადამცველი იმედს იტოვებს, რომ საპატრიარქო მამაოს გვერდში ამოუდგება და თავდებობას იკისრებს.

"ქუთაისის № მე-2 დაწესებულებაში იმყოფება. ხვალისთვის ალბათ მოვასწრებთ შუამდგომლობით მივმართოთ სასამართლოს გირაოს ქონებით უზრუნველყოფის და ალბათ ხვალვე მოხერხდება მისი გათავისუფლება. თუკი ის დღეს განაცხადებს, რომ მამაოს ჩვენება არის სწორი, რასაც მამაო ამბობს, ეს არის რეალობა და რის გამო ალბათ თვითონ ახსნის, თუ რატომ განაცხადა იმ ეტაპზე, რომ ეს არა მამაოსი, არამედ თავისი იყო. იმ შემთხვევაში ბუნებრივია დადგება მამაოს პასუხისმგებლობის საკითხი. ხოლო რომან მალანია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდეს.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, გათვალისწინებით იმისა, რომ მამაო ნებაყოფლობით გამოცხადდა. აღიარებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ვიმედოვნებ, რომ საპატრიარქოსაც ალბათ ამოუდგება და თავდებობას იკისრებენ, ან რამე დადებით დახასიათებას წარმოგვიდგენენ," – განაცხადა ადვოკატმა ჯიტა გულუამ.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში სასულიერო პირის დაკავების შესახებ იმსჯელეს, თუმცა შუამდგომლობის გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ. მამა დიმიტრი აცხადებს, რომ სასულიერო პირები დაესწრებიან სასამართლო პროცესებს და ისინი დაკავებულ ბერს მორალურ მხარდაჭერას უცხადებენ.

"ჩვენ მას ვუცხადებთ მორალურ მხარდაჭერას და ლოცვით მხარდაჭერას აუცილებლად, ვილოცებთ მისი სულისთვის. გუშინდელ ჩვენს შეხვედრაზე, რომელსაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ესწრებოდა, შუამდგომლობაზე საუბარი არ ყოფილა. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ასევე მამა სიმონი სრულად იზიარებს თავის პასუხიმგებლობას და მთელი თავისი შეგნებით მზად არის დაემორჩილოს მართლმსაჯულებას და აგოს პასუხი," - აღნიშნა მამა დიმიტრიმ.

დღის ამბები