29 იანვარი 2020,   00:02
ვრცლად
ამერიკული, გერმანული თუ შერეული მოდელი?! - საარჩევნო სისტემის საკითხი უმთავრესი განხილვის საგანია

საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შესაძლოა ხვალ გაიმართოს. ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგი დიალოგის მოლოდინის პარალელურად, "ქართულ ოცნებას" საკუთარი მაჟორიტარების მიერ შეთავაზებულ ე.წ. ამერიკულ მოდელზე მსჯელობაც უწევს.

საზოგადოების განწყობა ის მთავარი არგუმენტია, რომლითაც მაჟორიტარები სრულად მაჟორიტარული სისტემის უალტერნატივობაში თანაგუნდელების დარწმუნებას შეეცდებიან. საკანონმდებლო წინადადების ავტორები იმედოვნებენ, რომ მოსახლეობის ხელმოწერების წარდგენის შემდეგ უმრავლესობის წევრები აზრს შეიცვლიან, ამით კი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის საჭირო ხმების რაოდენობასაც მოაგროვებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა მაჟორიტარების ინიციატივას ერთგვარ გაჯიუტებად აღიქვამს. მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, ქვეყნის საარჩევნო მომავალი უკვე გადაწყვეტილია, მათი გადარწმუნება კი შეუძლებელი.

მაშინ, როდესაც ერთიანობა თავად მმართველ გუნდშიც არ არსებობს, საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციას და ხელისუფლებას დიალოგის აუცილებლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

ხელისუფლების ოპონენტები დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. მოსკოვიდან დაბრუნებული "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე კი კოლეგების ერთიანობას მიესალმება.

დიალოგში ერთვებიან, მაგრამ შეთანხმების მიღწევა შეუძლებლად მიაჩნიათ მმართველ გუნდში.

ამერიკული, გერმანული თუ შერეული მოდელი?! - საკითხი ისევ მსჯელობის საგანია როგორც მმართველ გუნდში, ისე მის გარეთ. დაპირებული პროპორციული სისტემის მიუხედავად კი უმრავლესობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოქმედი სისტემით ჩატარებას აპირებს.

 

ავტორი: ლელუკა ჯავახიშვილი.

დღის ამბები