18 თებერვალი 2020,   04:52
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა - ოპოზიცია პიკეტირებისა და პროტესტის ახალ ტალღას აანონსებს

ოპოზიციის პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი, შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცება გახდეს. უკვე ცნობილია, რომ 19-კაციან სიას უმრავლესობა კენჭს იურიდიულ კომიტეტზე 11 დეკემბერს უყრის. სხდომა, სავარაუდოდ, ამჯერადაც პიკეტირების ფონზე ჩაივლის. ოპოზიციამ უკვე თქვა, რომ ოთხშაბათს, დილით, პარლამენტთან შეიკრიბება და საკუთარ პროტესტს დააფიქსირებს.

ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები სახელისუფლებო გუნდს მოუწოდებდნენ, ჩააგდონ კანდიდატურები.

პარტია "სამართლიანობის" ლიდერმა ეკა ბესელიამ, დღეს მმართველი გუნდი კენჭისყრის თარიღის მოულოდნელად დანიშვნის გამო გააკრიტიკა. ბესელიას განმარტებით, უმრავლესობამ რეგლამენტი უხეშად დაარღვია. მოსამართლეების კანდიდატების უვადოდ გამწესების წინააღმდეგ ბრძოლას ბესელია საპარლამენტო ტრიბუნიდან გეგმავს.

"თუ მთავრობა მოსამართლეებს გაიყვანს, ეს იქნება პროპორციულის დაპირებაზე უფრო დიდი ტყუილი მოსახლეობისთვის,"- ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის საკითხს. ოპონენტების აზრით, ხელისუფლებამ 11 დეკემბერს, პოლიტიკური გონიერება უნდა გამოიჩინოს და უვადოდ გასამწესებელი 19 მოსამართლის კანდიდატურა ჩააგდოს. კენჭისყრის პროცედურების პარალელურად ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას და საპროტესტო აქციებს აანონსებს.

დაუჭერს თუ არა მხარს მმართველი გუნდი მოსამართლეობის კანდიდატებს, ჯერჯერობით, უცნობია. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგლამენტთან დაკავშირებით ბრალდებები უსაფუძვლოა. კობახიძის განმარტებით, კენჭისყრის პროცედურები საპარლამენტო რეგლამენტის სრული დაცვით ჩატარდება.

ოპოზიციის მსგავსად მოსამართლეების კანდიდატების კენჭისყრის მიმართ ნეგატიური მოლოდინები აქვთ სამოქალაქო სექტორში. "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძის აზრით, მნიშვნელოვანია იურიდიულმა კომიტეტმა გადაწყვეტილება გასაუბრების დროს კანდიდატების მიერ გამოვლენილი ცოდნის საფუძველზე მიიღოს. მესამე სექტორის კრიტიკულ მოსაზრებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც იზიარებს.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობისთვის 20-დან 19 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის მოქმედი გენერალური პროკურორი, მისი მოადგილე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ერთადერთი, ვინც კანდიდატურა კენჭისყრამდე მოხსნა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეა. პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტი მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს 11 დეკემბერს უყრის. კომიტეტზე მხარდაჭერის შემთხვევაში, კანდიდატურების დამტკიცება დეპუტატებს უკვე საპარლამენტო სესიაზე მოუწევთ.

დღის ამბები