24 იანვარი 2020,   21:02
ვრცლად
საგადასახადო, საბიუჯეტო და ვალების მართვის პოლიტიკა - წლის ანგარიში ფინანსთა მინისტრმა შეაჯამა

2019 წელს ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა დღეს ივანე მაჭავარიანმა, რომლის წლიურ ანგარიშშიც, ოპონენტების შეფასებით, ვერცერთი საკვანძო პრობლემა ვერ მოხვდა.

საგადასახადო, საბიუჯეტო და ვალების მართვის პოლიტიკა - წლის ანგარიში ფინანსთა მინისტრმა ამ 3 მიმართულებით შეაჯამა.

მთავარ მიღწევებს შორის შემოსავლების სამსახურში განხორციელებული რეფორმა და ჯარიმების ლიბერალიზაცია დაასახელა.

ივანე მაჭავარიანს დღეს არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რა ფინანსური პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა და რა როლი აქვს ამაში პოლიტიკურ არასტაბილურობას.

თუმცა ბიზნესს კითხვები აქვს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ”ოქროს სიის” გაუქმების შესახებ საქმის კურსში არავინ ჩააყენეს, რის გამოც მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის არარსებობაზე საუბრობენ.

ბიუროკრატია, არათანმიმდევრულობა და ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა - იმ პრობლემების ნაწილია, რომელსაც ბიზნესსექტორი წლის განმავლობაში არსებულ პრობლემებად ასახელებს.

ფისკალურ გამჭვირვალობასა და ჩანიშნულ ინიციატივებს მიესალმებიან მსოფლიო ბანკში, მაგალითად ინიციატივას იმის შესახებ, რომ 2020 წლიდან საბიუჯეტო პრიორიტეტების შემუშავებაში რიგითი მოქალაქეებიც ჩაერთვებიან. 

2019 წლის ანგარიშს პარლამენტში მინისტრი მოგვიანებით წარადგენს, სადაც ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზეც იქნება საუბარი.

დღის ამბები