20 იანვარი 2020,   20:14
ვრცლად
შეთანხმება შედგა, ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა ტარიფების გაზრდას არ გამოიწვევს - კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, "თბილისის მიკროავტობუსსა" და დედაქალაქის მერიას შორის შეთანხმება შედგა.

კალაძის ინფორმაციით, ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა მოხდება ისე, რომ მოსახლეობას  ტარიფები არ გაეზრდება.

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ შეთანხმების შესახებ მნიშვნელოვან გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება.

"კომპანიას მართლაც აქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა და არანაირი რესურსი  მიკროავტობუსების ჩასანაცვლებლად. ამის მიზეზია ის, რომ ჩვენამდე მმართველობის პერიოდში პრაქტიკულად თვალი იხუჭებოდა ყველა იმ ფინანსურ პრობლემაზე, რომელიც კომპანიის ირგვლივ ტრიალებდა. შესაბამისად, კომპანიის გადმოსახედიდან, ტარიფის ზრდაზე მოთხოვნა არის სრულიად ლეგიტიმური, ეს ყველაფერი დადასტურებულია აუდიტორული დასკვით. ჩვენ და კომპანიამ მივაღწიეთ შეთანხმებას. დღეს ვდებთ მემორანდუმს კომპანიასთან. მერია და კომპანია ერთობლივად ვიწყებთ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას," - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ხმალაძის ინფორმაციით, მემორანდუმი დღეს დაიდება. მოსახლეობას 300 ერთეული მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიკროავტობუსები მოემსახურება.

მერიის მიერ შეძენილ მიკროავტობუსების კომპანია გამოისყიდის. რაც შეეხება ჩანაცვლებას, ის მომავალი წლიდან დაიწყება.

დღის ამბები