21 იანვარი 2020,   21:14
ვრცლად
"მონა", "სალომე ოცნების მთავარსარდალი" - ათონელის რეზიდენციასთან აქცია იწყება

"მონა", "სალომე ოცნების მთავარსარდალი" - სალომე ზურაბიშვილის განცხადება საზოგადოების პროტესტის მიზეზი ხდება. ათონელის რეზიდენციასთან ამ წუთებში ქუჩის აქცია იწყება. სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა "შეცვალე" პრეზიდენტის ამ სიტყვებს ქვეყნის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

სამოქალაქო აქტივისტები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ანტიკონსტიტუციურს უწოდებენ და ამბობენ, რომ ქვეყნის მთავარსარდლის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია და რუსული პროპაგანდის ხასიათს ატარებს. 

"პრეზიდენტი პირდაპირ აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, ადამიანებს, რომლებიც საქართველოსთვის სანაქებო პიროვნებებს წარმოადგენენ, იგი აბუჩად იგდებს და შეურაცხყოფას აყენებს. შესაბამისად, მისი თითოეული განცხადება უკვე არის ანტისახელმწიფოებრივი და არა თუ პრეზიდენტის, არამედ უთაო მხედრის განცხადებას უფრო ჰგავს,“ - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი. 

აქციის მონაწილეების თქმით, სალომე ზურაბიშვილი ყველანაირად ცდილობს, ქართულ ჯარს და იმ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენოს, ვისზეც დღეს ქართული სახელმწიფო დგას.

"უნდა ვუთხრათ, რომ არაფერი გამოუვა და ის ვერ დააკნინებს ქართულ ჯარს და ჯარისკაცებს... ყველა უნდა გავერთიანდეთ, მოვუწოდებ ჯარისკაცებს,  გავერთიანდეთ, დავდგეთ და ერთად შევცვალოთ ეს მარგინალური ძალა, რომელიც რუსეთიდან იმართება," - ამბობს აქციის მონაწილე.

შეგახსენებთ, სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებით, საქართველოს ჯარი და იარაღი არ აქვს და არც ექნება.

 

დღის ამბები