23 იანვარი 2020,   03:38
ვრცლად
ჩვენ თუ დღეს რაიმე გვაშორებს ევროპასთან, ეს "ქართული ოცნებაა" - ზაალ უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, საქართველოს ევროპასთან სწორედ "ქართული ოცნების" ქმედებები აშორებს. აღნიშნული განცხადებით უდუმაშვილი დღეს თბილისის ცენტრში გამართულ ღონისძიებას გამოეხმაურა, რომელიც მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით ჩატარდა და საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას მიეძღვნა.

"ძალიან კარგია, რომ საქართველო არის ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, თუმცა ეს არაა არც ჩვენი ქვეყნის და არც "ქართული ოცნების" დამსახურება, რიგითობით მოგვიწია და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაცით დავუახლოვდით ევროპასთან. ჩვენ თუ დღეს რაიმე გვაშორებს ევროპასთან, ეს "ქართული ოცნებაა", რომელიც მუდმივად ატყუებს არა მხოლოდ საკუთარ მოსახლეობას, არამედ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც. ბოლო დიდი ტყუილის მსხვერპლი გახდა ჩვენი ქვეყანა, როდესაც ივანიშვილმა კიდევ ერთხელ წაართვა საქართველოს მოსახლეობას არჩევანის უფლება," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

"ქართულმა ოცნებამ"  დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიება "საქართველოს გზა ევროპისკენ" გამართა, რომელიც საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას მიეძღვნა.  თუმცა ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ამით ქვეყანაში არსებული საპროტესტო განწყობის წინააღმდეგ ძალის და რაოდენობის ჩვენება მოახდინა და საჯარო მოხელეები ღონისძიებაზე ძალით წაიყვანა.

დღის ამბები