23 იანვარი 2020,   03:09
ვრცლად
უვადო მოსამართლეები და იმედგაცრუებული ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფი - რა შეფასებები მოჰყვა კრიტიკას თბილისში

პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დანიშვნამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებს იმედი გაუცრუა. საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, ხელისუფლებამ პროცესში არ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ასამბლეისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მათ შორის ერთიანი კრიტერიუმის გამოყენება, დასაბუთებული გადაწყვეტილებები და ფარული კენჭისყრის გაუქმება.

მომხსენებლების განცხადებას რეკომენდაციითვე პასუხობს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანი დასავლელ პარტნიორებს ურჩევს, მოსამართლეები იმ კანონებითა და გამჭვირვალობის წესით დაამტკიცონ, როგორც ეს საქართველოს პარლამენტმა გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარე არ ეთანხმება შეფასებებს მათგან, ვინც პროცესში მხოლოდ უარყოფითს ხედავს, თუმცა არჩილ თალაკვაძე სასამართლო რეფორმის გაგრძელებაზეც ამახვილებს ყურადღებას.

კრიტიკა ბუნებრივია იუსტიციის საბჭოს მდივნისთვის. უზენაეს სასამართლოში უკვე უვადოდ გამწესებული გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ მოსამართლეთა ამ ფორმით შერჩევა იყო პირველი გამოცდილება და შენიშვნები, რომლებიც მისაღებია, გათვალისწინებული იქნება.

საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კი ხელისუფლებას ურჩევს, კანონმდებლობის შესაცვლელად მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გააგრძელოს.

ევროპელი პარტნიორების მწვავე შენიშვნები მოულოდნელი არ ყოფილა ხელისუფლების ოპონენტებისთვის. მათი შეფასებით, მაშინ როდესაც საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ორგანიზაციისგან ამ შინაარსის განცხადება კრიტიკული გზავნილია.

მოსამართლეების საკითხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მომდევნო წლის დასაწყისში კვლავ ეწვევიან.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები