24 იანვარი 2020,   21:14
ვრცლად
15 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა - რა მოხდა "მწვანე სკოლაში"

15 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა სტაბილური. მოზარდი, რომელიც მეცხრე სართულიდან, სავარაუდოდ, თავის მოკვლის მიზნით გადმოხტა, რამდენიმე დღეა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. როდის გადაიყვანენ პალატაში პაციენტს, ამ ეტაპზე მის მკურნალ ექიმს საუბარი უჭირს.

მეხუთე დღეა იაშვილის კლინიკაში იმყოფებიან არასრულწლოვნის ოჯახის წევრები და ახლობლებიც. ისინი კამერებთან საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა მომხდარის ერთი ვერსია აქვთ. ეჭვობენ, რომ მათმა შვილმა თვითმკვლეობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სამართალდამცველებმა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს. მოზარდის ძმა ამბობს, რომ გამოკითხვის მიზნით 15 წლის ბიჭი დედასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, პოლიციელების მხრიდან მუქარის შემდეგ კი მისი ძმა იძულებული გახდა, დანაშაული ეღიარებინა.

საპირისპირო არგუმენტები აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მინისტრის მოადგილის განცხადებით, გავრცელებული ვერსია, რომ მოზარდმა ბრალი აღიარა, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე პოლიციელიელების მხრიდან რაიმე სახის შესაძლო გადაცდომაზე საქმეში მტკიცებულებები არ არის. ნინო ცაცაიშვილის თქმით, არასრულწლოვანთან სამართალდამცველების მხრიდან ნებისმერი სახის კომუნიკაცია მხოლოდ დედის თანდასწრებით მოხდა. 

ფაქტი, რის გამოც არასრულწლოვანი პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს, "მწვანე სკოლაში" 10 დეკემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა სკოლის კედლებზე უცენზურო სიტყვები წითელი საღებავით დაწერა, სკოლის ადმინისტაციამ კი, ფაქტის შესწავლის მიზნით, ადგილზე პოლიცია გამოიძახა. ვიდეოჩანაწერების ნახვის შემდეგ დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირის იდენტიფიცირებაც მოხერხდა.

სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო გადაცდომების დადგენით დაინტერესებულია "საიაც", დაშავებული მოზარდის ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადვოკატი იცავს. რეზო აჭარაძე პოლიციის განყოფილებაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს.

საქმეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უკვე ჩაერთო. მოზარდის შესაძლო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები პოლიციელების მხრიდან შესაძლო გადაცდომებზეც ტარდება.

დროული გამოძიებისა და მომხდარში შესაძლო დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ "სირცხვილიას" წევრები. სოლიდარობის ნიშნად დედაქალაქის რამდენიმე ადგილას წითელი საღებავით ის ფრაზები დაწერეს, რაც "მწვანე სკოლაში" პოლიციის გამოძახების საბაბი გახდა.

დღის ამბები