29 იანვარი 2020,   12:27
ვრცლად
მივესალმებით საქართველოს ინიციატივებსა და იდეებს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის საკვანძო ქვეყნისას - კარლ ჰარცელი

საქართველო ევროკავშირის პარტნიორი ქვეყანაა და მან ასოცირების ხელშეკრულების პუნქტები ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულა - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, არასამთავრობო სექტორის მიერ შემუშავებული დოკუმენტის განხილვისას განაცხადა. 

"აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავია. წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ქვეყნების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ეს თანამშრომლობა შედგა. მომავალ წელს შემდეგი სამიტი გაიმართება. ჩვენ გვჭირდება ბრიუსელის ჩართულობა, რათა დავსახოთ ახალი ამბიციები და იდეები. საქართველოში ამ თემაზე ორი თვის წინ კონსულტაციებიც გაიმართა.

მივესალმებით საქართველოს ინიციატივებსა და იდეებს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის საკვანძო ქვეყნისას. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი შესაძლებლობაა. საქართველო-ევროკავშირის პარტნიორია, რომელმაც რეფორმები გაატარა და ასოცირების ხელშეკრულების პუნქტები ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულა," - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

არასამთავრობო სექტორის ხედვისა და გეგმის განხილვას ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. მინისტრის მოადგილის თქმით, პრიორიტეტები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას აქვს, საგარეო უწყების პრიორიტეტებს ემთხვევა.

"საერთო მიზანი არის, რომ ევროკავშირის ერთიან ბაზარში გავწევრიანდეთ, სხვადასხვა მნიშვნელოვან სექტორალურ ინტეგრაციას მივაღწიოთ არასამთავრობო სექტორთან.

უნდა ითქვას, რომ საერთო ხედვები გვაქვს როგორც ინსტიტუციონალურ მოწყობასთან მიმართებითაც, ევროკავშირთან მიმართებით, ასევე ახალი დაფინანსების ინსტრუმენტებთან დაკავშირებითაც," - აცხადებს ვახტანგ მახარობლიშვილი.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და საგარეო პოლიტიკაზე მომუშავე ხუთმა ორგანიზაციამ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის თაობაზე დოკუმენტი წარადგინა. 

დღის ამბები