29 თებერვალი 2020,   01:11
ვრცლად
აუდიტის სამსახურმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მნიშნელოვანი დარღევები აღმოაჩინა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საქმიანობის 31 გვერდიანი ანგარიში - აუდიტის სამსახურმა ერთწლიანი შემოწმების შემდეგ გამოაქვეყნა. სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ ქალაქის მერიისა და საკრებულოს მუშაობის ერთი წელი შეაჯამა, ხარვეზები გამოავლინა და რეკომენდაციებიც გასცა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ლაგოდეხის მერიამ უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიბარა, რის გამოც 2017-2018 წლებში განხორციელებული ყველა დიდი პროექტი დამატებით სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. აუდიტორის ანგარიშიდან ირკვევა, რომ საბავშვო ბაღების, ჭაბურღილის, კულტურის სახლისა და სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაზიანების მიზეზი შესრულებული სამუშაოების დაბალი ხარისხია.

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების გარდა აუდიტის ანგარიშში მუნიციპალიტეტში გამოვლენილ სხვა ხარვეზებზეც არის ყურადღება გამახვილებული. საუბარია დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საკრებულოს მიერ გახარჯულ დაუსაბუთებელ თანხებსა და მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების არამიზნობრივ გამოყენებაზე.

ოპოზიციისთვის აუდიტის დასკვნა მწვავე კრიტიკის მიზეზი გახდა. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაზე საუბრობენ და უმიზნოდ გაფლანგული თანხებისკენ მიუთითებენ.

აუდიტის დასკვნაში ასახულ ხარვეზებზე საუბრობს ქალაქის მერიც. როგორც ლაგოდეხის მერი ამბობს, ხარვეზების ნაწილი უკვე გამოსწორებულია, მეორე ნაწილზე კი მუნიციპალიტეტი ახლა მუშაობს.

მწვავე დასკვნასთან ერთად აუდიტორებმა ლაგოდეხის მერიას მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაციის გამოსწორებისთვის სპეციალური რეკომენდაციებიც მისცეს.

დღის ამბები