27 თებერვალი 2020,   20:34
ვრცლად
კელი დეგნანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ნაწილში საქართველოს განვითარებას კიდევ უფრო გაააქტიურებს

ვიდრე ახალი ელჩი დედაქალაქში ჩამოვა და ქართველებს თავს პირადად გააცნობს, მისი გზავნილები უკვე შეფასებების საგანია.

დიპლომატს, რომლის კარიერაც 26 წლიან გამოცდილებასა და 12 ამერიკულ მისიას ითვლის, თბილისში უკვე ელოდებიან.

ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა არ ყოფილა ერთადერთი გზავნილი, რაც სახელმწიფო დეპარტამენტში ფიცის დადების დროს გაკეთდა.

კელი დეგნანმა აქცენტი მოახლოებულ არჩევნებზე გააკეთა და განაცხადა, რომ სწორედ 2020 იქნება ტესტი ქართველებისთვის მსოფლიოს აღებული კურსის ერთგულება დაუმტკიცონ. ანალიტიკოსები ამ გზავნილის მიღმა მინიშნებებს კითხულობენ.

კიდევ ერთი საგულისხმო ფრაზა, რაც ექსპერტებმა ამერიკელი დიპლომატის სიტყვებში ამოიკითხეს, ასე ჟღერს: "რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება".

ანალიტიკოსთა ნაწილის მოსაზრებით, ამაში ვაშინგტონი მიანიშნებს, რომ ოკუპაციისა და საზღვრის უკანონო დარღვევის გარდა რუსეთი მეზობელ სახელმწიფოს საქმეებში ჩარევასა და გავლენების მოპოვებას ცდილობს, რაც სწორედ საარჩევნო წელსაა სიფრთხილის საბაბი.

უცნობია, იქნება თუ არა პოზიცია-ოპოზიციის მოლაპარაკებებში მე-5 რაუნდის ერთ-ერთი მედიატორი სწორედ კელი დეგნანი, თუმცა მისგან პოლიტიკოსები პოზიტიურ მუხტს ელოდებიან, რაც შექმნილ სიტუაციას დაამშვიდებს.

მაიკ პომპეოს უწყებიდან პირდაპირ თბილისში გამოგზავნილ ელჩს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა პირველად ბარდება. 2 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ვაშინგტონს კვლავ სრულუფლებიანი ელჩი ეყოლება.

დღის ამბები