22 თებერვალი 2020,   05:12
ვრცლად
აშშ-დან კრიტიკული წერილები არ წყდება - რით უპასუხებს საქართველოს მთავრობა ამერიკელ კონგრესმენებს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა საქართველოს მთავრობას მორიგი კრიტიკული წერილი გაუგზავნეს.

წერილს 4 ავტორი ჰყავს: 2 "დემოკრატი" და 2 "რესპუბლიკელი" კონგრესმენი, მათ შორის ადამ კინზინგერიც, რომელიც ერთი კრიტიკული წერილის ავტორი დეკემბერშიც იყო. გზავნილს რესპუბლიკელ მაიკლ მაკკოლისთან ერთად ხელს აწერს კონგრესის დემოკრატიული ფრთაც: საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ელიოტ ენჯელი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში შტატების დელეგაციის ხელმძღვანელი, გერი კონოლი.

დღეს პარტნიორების მორიგ კრიტიკაზე განმარტებების გაკეთება საგარეო საქმეთა მინისტრს მოუხდა. დავით ზალკალიანი ვარაუდობს, რომ კონგრესმენები სუბიექტურად მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობიან, განმარტავს იმასაც, თუ რატომ ფიქრობს ასე. მინისტრი უპირატესობას არა წერილებს, არამედ პირად კომუნიკაციას ანიჭებს.

ისინი, ვისაც წლების წინ კონგრესმენებთან პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსით ჰქონია ურთიერთობა, ამბობენ, რომ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მსგავსი აქტიურობა არ ახსოვთ. კრიტიკა, მათი აზრით, მხოლოდ მეგობრული მოტივებითაა ნაკარნახევი, ხელისუფლებამ კი მოკავშირეებს პასუხები აუცილებლად უნდა გასცეს.

პროპორციული სისტემის ჩაგდების შემდეგ ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოთქმული კრიტიკა დეპუტატების იმ ნაწილს აეჭვებს, რომლებიც მედიაში "ამბოხებული მაჟორიტარების" სტატუსითაა ცნობილი.

პარალელურად, დეპუტატთა ნაწილი ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებს იმის გამო, რომ აქამდე მიღებულ წერილებზე ადეკვატური რეაქცია არ ჰქონდათ. სწორედ ეს აძლევთ მათ იმის ფიქრის საბაბს, რომ ახალი წერილი წინა წერილის პასუხის პასუხია, რამაც კონგრესმენების გაღიზიანება გამოიწვია. ხელისუფლების მიდგომა, რომ ეს მხოლოდ კონგრესის შეფასებაა და არა ოფიციალური ვაშინგტონის, ოპოზიციისთვის დამატებითი კრიტიკის საფუძველია.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აუცილებლად მიიჩნევს, რომ ქართული დელეგაცია ვაშინგტონში ჩავიდეს და თითოეული კონგრესმენის კითხვას ობიექტური პასუხი გასცეს, რადგან ხელისუფლებას აქვს იმის რესურსი, რომ მოკავშირეებს მეტად სიღრმისეული და დასაბუთებული ინფორმაცია მიაწოდოს.

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მხოლოდ ამ კვირაში, უკვე მე-2 კრიტიკული წერილის ადრესატი ხდება. პრემიერის პასუხი ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ხელისუფლების დიდი ნაწილისთვის სახელმძღვანელო მოკავშირე ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები